ყველა საკითხი, რაზეც უნდა ვისაუბროთ ამ დარბაზში, გაფერმკრთალებულია, აზრს კარგავს მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, თუკი ჩვენ ვერ ვყალიბდებით უმთავრეს საკითხზე - მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, „რა გვაქვს დღეს, რას ველოდებით უახლოეს თვეებში, როგორ ჩატარდება არჩევნები“.
„მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ადამიანს, ვინც იმის მიუხედავად, რა ხარისხით, რა დოზით არის ახლა ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ან რა გავლენა აქვს მას უმრავლესობაზე, საბოლოოდ, არის საქართველოს სახელმწიფოს მომავალზე უმთავრესი პასუხისმგებელი უახლოესი წლების განმავლობაში. ეს არის „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მსურს მოვუწოდო მას და ვუთხრა, რომ დაუყოვნებლივ შეცვალოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ეს ზამბარა გაწყდება, გაწყდება არა უბრალოდ მტკივნეულად, არამედ შეიძლება ტრაგიკულადაც. ტრაგიკული იქნება ის მთელი საქართველოსთვის და მისთვისაც. მცირე დრო არის კიდევ, რომ გონს მოვეგოთ ყველა მხარე, ოპოზიციაც, მაგრამ უპირველესად და უმთავრესად უმრავლესობა, რადგან გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგავს აზრს, მათ შორის, 12-პუნქტიან შეთანხმებაზე ფორმალური თუ არაფორმალური მუშაობა, ანგარიშები, თავის მოწონება, ერთმანეთის გაუთავებელი ლანძღვა-გინებაც და რაც მთავარია, საქართველოს ვტოვებთ გამოუვალ ჩიხში, აქედან გამომდინარე, ყველა უმძიმესი შედეგით. შანსი კიდევ არსებობს, ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და თქვენ - საპარლამენტო უმრავლესობას, ამ უმრავლესობის ფორმალურ და არაფორმალურ ხელმძღვანელებს ჯერ კიდევ გაქვთ ეს შესაძლებლობა, რომ პირნათელი იყოთ საქართველოსა და მისი მომავლის წინაშე. მოგიწოდებთ, გაიაზროთ ეს ვალდებულება", - ასე მიმართა არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობას.