ქეთევან თურაზაშვილი - მხოლოდ კაცთმოძულე ხელისუფლება მოექცეოდა მოხუცებს ისე, როგორც დღეს ამას ჩვენი სახელმწიფო აკეთებს

მხოლოდ კაცთმოძულე ხელისუფლება მოექცეოდა მოხუცებს ისე, როგორც დღეს ამას ჩვენი სახელმწიფო აკეთებს და თვალს ხუჭავს ყველაზე მოსაფრთხილებელი ადამიანების „ლიბერთი ბანკის“ მიერ ძარცვაზე,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის ,,მოქალაქეების" დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

თურაზაშვილი თავის გამოსვლაში იმ აბიტურიენტის საკითხსაც შეეხო, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად უნივერსიტეტის გარეშე დარჩა. დეპუტატის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს მხრიდან ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე მავნებლობაა.

,,ახალგაზრდას, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია უკეთდებოდა გათენებამდე, ერთი საათით დააგვიანა გამოცდაზე. მას ჰქონდა ყველა საბუთი, რაც ადასტურებდა, რომ მიზეზი რის გამოც დაიგვიანა, საპატიო იყო. მიუხედავად ამისა ის გამოცდაზე არ დაუშვეს. განათლების მინისტრი კითხვების მოგერიებას და ახალგაზრდების მიმართ დაუნდობელი სისტემის გამართლებას უსუსური არგუმენტებით ცდილობდა. ეს არის ქვეყანა, სადაც შესაბამისი თანამდებობის პირები, იმის ნაცვლად, რომ დღე და ღამეს ასწორებდნენ, განათლების გამართული სისტემის შექმნისთვის, არ იშურებენ ძალას ის ახალგაზრდებიც გააქციონ აქედან, ვინც აქ დარჩენა და სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. ეს არის მორიგი მავნებლობა ამ ქვეყნის და მომავალი თაობის წინაშე.

ამასთანავე რაზეც მინდა ვისაუბრო, ეხება პენსიონერებს, მათ სესხებს და იმ ხალხს, ვინც პანდემიის დროს ისარგებლა ე.წ. 3-თვიანი შეღავათით და სესხები გაუგრძელეს 3 და 4 წლით.

მეორე წელია ვმუშაობ პენსიონერების საკითხებზე და გარწმუნებთ, მხოლოდ კაცთმოძულე ხელისუფლება მოექცეოდა მოხუცებს ისე, როგორც დღეს ამას ჩვენი სახელმწიფო აკეთებს და თვალს ხუჭავს ყველაზე მოსაფრთხილებელი ადამიანების „ლიბერთი ბანკის“ მიერ ძარცვაზე..

აგვისტოში პრეცედენტი შეიქმნა და პენსიონერს, რომელსაც „ლიბერთიმ“ 3 წლით გაუგრძელა სესხის ვადა 2026 წლამდე, დღეს „ლიბერთი ბანკის“ სესხი აღარ აქვს. ჩვენი რეკომენდაციებით და ეროვნული ბანკის ჩართულობით, ამ ადამიანის სესხი დაბრუნდა ძველ ჩარჩოში და დასრულების თარიღად ისევ 2023 წელი განისაზღვრა.

მთელი 3 წლით შეუმცირდა სესხის ვადა სამართლიანად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ სახელით მოვითხოვ, ყველა იმ პენსიონერის სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნდეს, ვინც პანდემიის დროს ე.წ ,,საშეღავათო პერიოდით" ისარგებლა. ყველა პენსიონერი არ არის ერთნაირად აქტიური, ყველას არ შეუძლია გადაადგილება, ყველას არ შეუძლია ადვოკატის აყვანა. ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის აქტიურობა და დაუყოვნებლივ ერთიანი მიდგომის შემუშავება, რათა ეს პრეცედენტი ავტომატურად გავრცელდეს ყველა პენსიონერზე",- განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება