ალეკო ელისაშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი არის ანტიდასავლური და რუსეთში გაგზავნილი სიგნალი: სალომე ზურაბიშვილმა „აიშვა“, მაგრამ ჩვენ იმპიჩმენტს დავაყენებთ

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი არის ანტიდასავლური და რუსეთში გაგზავნილი სიგნალი - „იცით რა, სალომე ზურაბიშვილმა კი „აიშვა“, მაგრამ ჩვენ იმპიჩმენტს დავაყენებთ“, - ასე შეაფასა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, მაშინ გასაგები იქნება, ვინ ვისთან არის შეკრული.

„რამდენი საგამოძიებო კომისია ჩააგდო „ნაციონალურმა მოძრაობამ“? - მათ შორის, 5 ივნისის საგამოძიებო კომისია, სუს-ის ფარული ჩანაწერების კომისია. მოსამართლეებს პრინციპულ დროს მხარი ვინ დაუჭირა? - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ახლა თუ ვინმე ევაჭრება „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, გასაგები იქნება, ვინ ვისთან არის შეკრული და ვინ აძლიერებს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, პარტია „მოქალაქეები“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ დაუჭერს.

„იმპიჩმენტს, რაც შეეხება „მოქალაქეებს“ ორი მანდატი გვაქვს და გამორიცხულია, რომ ჩვენი ორი ხმა იყოს იმპიჩმენტის სასარგებლოდ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლომ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესის სავარაუდო მიზნებზე ისაუბრა. ელისაშვილი ორ მიზეზს ასახელებს.

„ერთი არის ანტიდასავლური და რუსეთში გაგზავნილი სიგნალი, - „იცით რა, სალომე ზურაბიშვილმა კი „აიშვა“, მაგრამ ჩვენ იმპიჩმენტს დავაყენებთ“. თუკი იმპიჩმენტი ჩავარდება, პუტინთან ხელებს დაიბანენ, ხომ “დავაყენეთ საკითხი, მაგრამ ვერ ვქენით“. თუკი გავა, მაგარი ბიჭები იქნებიან და რუსეთთან მიმართებაში წელში გაიმართებიან.

მეორე ვერსია არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ახერხებს რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება