„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ პრეზიდენტთან დავას სამართლებრივად წააგებს - დიდი ალბათობით საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნებისთვის“ დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს და არა საქართველოსთვის , - ამის შესახებ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში ნიკა ჩიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მან „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია პრეზიდენტის და ოპოზიციის დისკრედიტაცია მოახდინოს.
„ ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ პრეზიდენტთან დავას სამართლებრივად წააგებს. იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი პარტია აკონტროლებს მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს, დიდი ალბათობით საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნებისთვის“ დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს და არა საქართველოსთვის. საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომ კი ბატონო, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, კერძოდ, 52-ე მუხლი , შემდეგ კი საქმე პარლამენტს დაუბრუნდება.
პარლამენტში 100 ადამიანს ვერ ნახავს მმართველი გუნდი, რათა პრეზიდენტის გადაყენება მოხდეს. რა არის ამის მიზეზი? რუსული კანონი და 8-9 მარტის აქციების მიზანი რა იყო? სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია, რომელიც დასავლური წყაროებიდან იღებს გრანტებს. ნორმალურია, როდესაც ამ გრანტების მიღების შემდეგ შესაბამისი პროექტები ემსახურება საქართველოში სხვადასხვა კონფერენციას, კვლევით საქმიანობას და ასე შემდეგ.
ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მიზანია პრეზიდენტის დისკრედიტაცია, ის, რომ ჩვენ დავსვით პრეზიდენტი, ამიტომ ის უნდა დაგვემორჩილოს ჩვენ.
თითქოს, საზოგადოების თვალში ხდება პრეზიდენტის დისკრედიტაცია, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, ამასთან, არამარტო პრეზიდენტის, ოპოზიციის დისკრედიტაციაც ხდება. კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს რომ არ დაუჭერს მხარს. მმართველი პარტია განაცხადებს, რომ აი, ნახეთ ვის უჭერს მხარს ოპოზიცია, იმ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია. ოპოზიციაც ზნეობრივი თვალსაზრისით კანონგარეშეა“,- აღნიშნა ჩიტიძემ.