რა საკვირველია, სჯობს, კონსტიტუციის და კანონმდებლობის დაცვით განხორციელდეს თითოეული საერთაშორისო ვიზიტი, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი უხერხული მომენტი გამოირიცხებოდა,- ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე კითხვას, უქმნით თუ არა უხერხულობას და ხომ არ ზიანდება ქვეყნის იმიჯი, როცა სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მობილური ტელეფონით გადაღება უწევს და მსგავს საკითხებს საფრანგეთში საქართველოს საელჩო არ აგვარებს.
მისივე თქმით, ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს და იმპიჩმენტის ინიცირებას მათი ყველა თანაგუნდელის ხელმოწერა აქვს.
„უხერხულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, საკითხი ეხებოდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძირითადი დოკუმენტია და სამართლებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას აწესრიგებს. შესაბამისად, იმპიჩმენტს აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ მომავალში ნებისმიერმა ხელისუფლებამ და კონსტიტუციური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა წარმართოს თავის საქმიანობა კონსტიტუციის დაცვით და მხოლოდ ასე გააკეთოს ის, რისიც სჯერა, მიაჩნია საჭიროდ და უკეთესად ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ნებართვის, შეთანხმების გარეშე ვიზიტის განხორციელება გულისხმობს კონსტიტუციის დარღვევას, მით უმეტეს, თუ შეთანხმების მცდელობაც არ ჰქონია და მოთხოვნა არ ჰქონია გაგზავნილი (საფრანგეთში ვიზიტზე), ესეც ამ წესის დარღვევაა”, - განაცხადა თალაკვაძემ.