გიორგი ტყელამაძე - დედაქალაქის განაშენიანების პროექტის წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ აგორებული კამპანია, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის აქტიური მცდელობაა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, დედაქალაქის განაშენიანების პროექტის წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ აგორებული კამპანია, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის აქტიური მცდელობაა.

გიორგი ტყემალაძე ოპოზიციაში გაკეთებულ შეფასებებს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

„მინდა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოვეხმაურო და დავიწყო, პირდაპირ ვიტყოდი, ქალაქის განვითარების საწინააღმდეგოდ აგორებული კამპანიით, რომელიც ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს ამ დღეების განმავლობაში. აქტიური მცდელობაა იმის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ. ქალაქის განვითარებას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვენს ქალაქში განხორციელდება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დღიდან თბილის მერის, კახა კალაძის მერობისა, პირველი, რაც ჩვენმა უმრავლესობამ და მისმა ადმინისტრაციამ გააკეთა, იყო ის, რომ ურბანული პოლიტიკა მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა. შესაბამისად, მივიღეთ გენერალური გეგმა, დოკუმენტი, რომლის შესაბამისადაც ვთქვით, თუ რა ტიპის ქალაქს განვავითარებთ. მას შემდეგ, ყველა სამშენებლო ნებართვა გენერალური გეგმის შესაბამისად გაიცემა.

ეს კამპანია მათი მხრიდან, ცალსახად ასახავს და პირდაპირაა გაშიფრული, რომ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მათთვის პოლიტიკურად საინტერესოები არიან. განაშენიანების რეგულირების ანალოგიურ გეგმებთან დაკავშირებით მათ არასდროს ჰქონიათ პრობლემა. გამომდინარე იქიდან, რომ არ ყოფილა მათთვის მესაკუთრე პოლიტიკურად საინტერესო ადამიანი. ეს, რა თქმა უნდა, მათ განზრახვას აშიშვლებს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ეს პოლიტიკური დღის წესრიგია და არის მცდელობა, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ, რომელთა აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მათი ყველა გულწრფელი ნერვიულობა იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე პროექტმა არ დააზიანოს ქალაქი, მისაღებია. მათთვის იმის ასახსნელად, რომ ეს პროექტები გენერალური გეგმისა და ქალაქის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შესაბამისადაა, დიდ რესურსს ვხარჯავთ. ეს არანაირად არ არღვევს ამ პრინციპებს.

მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც გაჟღერდა და რომელიც საქართველოს პარლამენტში ინიცირდება და იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერილი იქნება მათი მხრიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში დარღვევების ჯარიმების გამკაცრებაა. კანონი ამ მიმართულებით არაერთხელ გამკაცრდა და ესეც „ქართული ოცნების“ და კახა კალაძის ინიციატივით იყო, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ კანონმორჩილად განვავითაროთ ჩვენი ქალაქი, თუმცა კიდევ უფრო გამკაცრებაზე ვსაუბრობთ. იმისთვის, რომ კიდევ უფრო გადავაზღვიოთ ის დარღვევები, რომლებიც ჩვენთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის არეალში, სამწუხაროდ, დღესაც ხდება. ჩვენი ქალაქი მნიშვნელოვანია და თითოეულ ჩვენს ქმედებაზე პასუხისმგებლები ვართ.

დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლების პერიოდში რომ ყოფილიყო ასეთი პროექტები, ალბათ, სახალხო ზეიმს მოაწყობდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათაც ესმით, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ეს არის მათთვის პრობლემა”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გარდა ამისა, როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, იმ მაგიდების და სკამების დემონტაჟი გაგრძელდება ქუჩებში, რომლებიც ადამიანებს ფეხით სიარულში ფიზიკურად უშლის ხელს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს