ირაკლი ხმალაძე - თითოეულ პროექტს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ საკრებულოში, თან ახლავს ყველა ის კომპონენტები, რაც საჭიროა ჯანსაღი, თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად

ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტები ყველა არის გამართული ქალაქგეგმარების თვალსაზრისით. თითოეულ პროექტს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ საკრებულოში, თან ახლავს ყველა ის კომპონენტები, რაც საჭიროა ჯანსაღი, თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად - თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეადაროთ, თუ რა ტიპის სანებართვო და გეგმარებითი დოკუმენტები გაიცემოდა 10 წლის წინ და როგორი გეგმარებითი დოკუმენტები ჩვენ წარვადგინეთ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას უჭირავს რადიკალური მხარე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მშენებლობასთან არის დაკავშირებული.

„თბილისის მერია საკრებულოში წინააღმდეგობას არ შეხვედრია, ვინაიდან საკრებულოს უმრავლესობიდან ჰქონდა მხარდაჭერა იმ საკითხებს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ გასულ კვირას. სამწუხაროა, ისევ ის ნარატივი, რომელსაც ოპოზიცია მიმართავს, რომ თითქოს ამით ვანგრევთ ქალაქს და ვაუბედურებთ, რა თქმა უნდა, ეს ტყუილია. ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტები ყველა არის გამართული ქალაქგეგმარების თვალსაზრისით. თითოეულ პროექტს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ თან ახლავს ყველა ის კომპონენტები, რაც საჭიროა ჯანსაღი, თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად. თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეადაროთ, თუ რა ტიპის სანებართვო და გეგმარებითი დოკუმენტები გაიცემოდა 10 წლის წინ და როგორი გეგმარებითი დოკუმენტები ჩვენ წარვადგინეთ. გასათვალისწინებელია, ასევე, ისიც, რომ 4 წლის წინ, როდესაც მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა ახალი გენერალური გეგმა, გენერალური გეგმაც ითვალისწინებს ქალაქში განაშენიანებას და სხვადასხვა სივრცეების განვითარებას. ცხადია, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება, შესაბამისად, ეს მუნიციპალიტეტმა სწორად უნდა უზრუნველყოს.

ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რამე არასწორად კეთდება, მაგრამ ამას არ მიმართავს ოპოზიცია. ჩვენ დოკუმენტების გამართულობასთან დაკავშირებით მსჯელობა მერიაშიც გვაქვს და საკრებულოსთანაც, მაგრამ ამ მსჯელობაში ოპოზიცია არ ერთვება. ოპოზიციას უჭირავს რადიკალური მხარე და პირდაპირ ეწინააღმდეგება, საერთოდ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მშენებლობასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მათ ავიწყდებათ მათი მმართველობის პერიოდში რა ტიპის გეგმარებითი დოკუმენტები მტკიცდებოდა და გაიცემოდა“, - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არსად წერია, რომ გენგეგმის ავტორები უნდა იყვნენ ჩართულები განაშენიანების რეგულირების გეგმების მომზადების ან განხილვის პროცესში.

„გენგეგმის ავტორები ჩართულები იყვნენ გენგეგმის შემუშავების პროცესში და გენგეგმასთან შეუსაბამო დოკუმენტს არ და ვერ დავამტკიცებთ ვერანაირად. არსად წერია, რომ გენგეგმის ავტორები უნდა იყვნენ ჩართულები განაშენიანების რეგულირების გეგმების მომზადების ან განხილვის პროცესში. თუ ვინმეს სურვილი აქვს შეუძლია მობრძანდეს მერიაშიც და შეუძლია მიბრძანდეს საკრებულოშიც, საკრებულოს სხდომები ღიაა და გამოთქვას თავისი მოსაზრება და დასვას კითხვა და პასუხი მიიღოს. პირადად მე არ მომისმენია არცერთი გენგეგმის ავტორის მოსაზრება კონკრეტულ რომელიმე გრგ-სთან(განაშენიანების რეგულირების გეგმა) დაკავშირებით, რომ ვიცოდე რას ამბობენ ცხადია პასუხიც მექნებოდა.

რაც შეეხება გენგეგმის ავტორების და ექსპერტების ჩართულობას, ამის საჭიროება არ დგას. კვალიფიციური ადამიანები ადგენენ დოკუმენტებს გენგეგმის შესაბამისად და იმ ხალხმა თავისი საქმე გააკეთა, შემოგვთავაზა გენერალური გეგმა, ქალაქმა განიხილა, დავაკორექტირეთ და დავამტკიცეთ. ახლა მივყვებით ამ გენგეგმის ინსტრუქციებს და ვამტკიცებთ განაშენიანების რეგულირების გეგმებს.

ზოგადად ასეთი წარმოდგენა, რომ მშენებლობა გამოიწვევს კოლაფსს, ეს ცოტა რადიკალური განცხადებაა. რას ნიშნავს კოლაფსს გამოიწვევს?! გამაცანით კონკრეტულად რა მოსაზრებაზეა დაფუძნებული, რა ციფრებზე და მონაცემებზე და მეც დავუპირისპირებ შესაბამისად ჩვენი მხრიდან არგუმენტებს. კამერების წინ მეუბნებით, რომ კოლაფსს გამოიწვევს, მე გეუბნებით, რომ არ გამოიწვევს. დიახ, ყველაფერი დასაბუთებულია. კოლაფსი გამოიწვია იმ განაშენიანებამ, რომელიც წლების წინ გაიცემოდა“, - განაცხადა ხმალაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა