პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის, შესაბამისად, მე კრიტიკა რატომ უნდა მივიღო. მან თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ გალანძღავთ, ორიენტირი გაასწორეთ და მთავარი ჩვენი მტერი, ბიძინა ივანიშვილი არისო, - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კითხვას, მიიღო თუ არა საკუთარ თავზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილიდან კრიტიკა.
კითხვაზე, თუ რას გულისხმობს სააკაშვილი ფრაზაში, „ვინც ბოკერიას გზას დაადგება, ის განულდება”, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ადამიანებს ძალიან კარგი ანალიზის უნარი აქვთ და შესაბამის დასკვნებსაც ისინი გააკეთებენ“.
„კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ნაცვლად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ტალახს ესვრიან, ისინი კონკრეტულ შედეგზე ვერ გავლენ, ესეც პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაში კარგად ამოიკითხეთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს, დაკარგავს თუ არა ის პოლიტიკურ რეიტინგს, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებები არ აინტერესებს“.
„მაინტერესებს „გამარჯვების პლატფორმის“ გამარჯვება ბიძინა ივანიშვილზე და „რუსულ ოცნებაზე“. კონკრეტულ ადამიანებს აქვთ უფლება აირჩიონ პოლიტიკური პარტიაც და საკუთარი მომავალიც. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ანალიზს თავად აკეთებს და შესაბამისად, ამ განცხადებაზეც ჩემზე უკეთ გამოიტანდნენ დასკვნას.
„ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება, ჩვენ კოალიცია გავაკეთეთ „სტრატეგია აღმაშენებელთან“, „ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდებიან ადამიანები, პარტია ყოველდღიურად აძლიერებს ლოჯისტიკურ ცენტრებს სხვადასხვა ქალაქში, გამარჯვების პლატფორმა გვაქვს, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის ვემზადებით. კონკრეტული ადამიანები თუ სუბიექტურად გადაწყვეტენ საკუთარი მომავალი დაუკავშირონ სხვა პარტიას, ან სხვა ბრძოლის ხერხი აირჩიონ, ეს მათი საქმეა, გულწრფელად გეტყვით, ამაზე ფიქრით დაკავებული არ ვარ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.