ცვლილებებით ცესკოს წევრების და თავმჯდომარის არჩევის წესი არ უმჯობესდება, ახლა ხდება იმ შეცდომის თუ დანაშაულის გამოსწორება, რაც "ქართულმა ოცნებამ" დაუშვა და ეგონა "გაუვიდოდა", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ცვლილება, რომელიც ხორციელდება, არ უკავშირდება ევროკომისრის რეკომენდაციებს, რადგან ცვლილებით არაფერი უმჯობესდება.
"ყველას გვახსოვს, როგორ განხორციელდა საარჩევნო ცვლილებები, არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი დეპუტატების (კვორუმისთვის საკმარისი) რაოდენობა. ვიცოდით, რომ დეპუტატები არ ისხდნენ დარბაზში, ისე მოხდა ცვლილების მხარდაჭერა. ამ მოცემულობაში, საჭირო იყო მათ გამოესწორებინათ ეს პრობლემა და ახლა ოლივერ ვარჰეის აბრალებენ, როცა ეს ცვლილება შემოაქვთ. მით უფრო გაუგებარია, რას ერჩოდნენ პრეზიდენტის ვეტოს, როცა ამ ვეტოში იყო შეთავაზება 100 თუ არა 90 ხმით მომხდარიყო კონსენსუსი, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევა, თუმცა მათ ჯერ გადაუარეს პრეზიდენტს და ახლა შემოიტანეს ის, რაც ვეტოში იყო ჩაწერილი. ეს არანაირად არ უკავშირდება უმაღლესი კომისრის რეკომენდაციას, არამედ იმ ლეგიტიმაციის საკითხს, რაც აუცილებელია საარჩევნო კოდექსისთვის და იმ კითხვებს, რაც ლეგიტიმურად არსებობს. ამავდროულად ეს აჩვენებს, რომ რაც არ უნდა სწორი არგუმენტით იყოს ვეტო დადებული, ისინი არ ითვალისწინებენ მას, შემდეგ კი ცდილობენ იმავეს "გაყიდვას" სხვა მოტივებით.
ახლა საუბარია 90 ხმაზე და მეორე ჯერზე ისევ 76 ხმით არჩევაზე, ასე რომ, გაუმჯობესება არ ხდება, გამოსწორება ხდება იმ კანონსაწინააღმდეგო კანონის მიღების, რაც "ქართულმა ოცნებამ" დაუშვა და ეგონა გაუვიდოდა, ახლა ხდება იმ შეცდომის თუ დანაშაულის გამოსწორება, რაც ვიხილეთ ვეტოს დადების პროცესში", - განაცხადა აქუბარდიამ.
ინფორმაციისთვის, მმართველი უმრავლესობის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.
საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მედიას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააცნო. მიქანაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. შესაბამისი კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.
ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.