ანა წითლიძე - ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე პარლამენტში შემოტანილი ცვლილება მორიგი სისულელეა - „ქართულ ოცნებას“ კვლავ რჩება ბერკეტი ცესკო-ს თავმჯდომარე ერთპიროვნულად დანიშნოს

შემოტანილი ცვლილება, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს უკავშირდება, მორიგი სისულელეა - „ქართულ ოცნებას“ კვლავ რჩება ბერკეტი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ერთპიროვნულად დანიშნოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შემოტანილი ცვლილებები რეალურად არაფერს ცვლის, კვლავ შეზღუდული რჩება პრეზიდენტის უფლებები, რადგან კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილ პირად პარლამენტის თავმჯდომარე რჩება.

„შემოტანილი ცვლილება, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს უკავშირდება, მორიგი სისულელეა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა, რადგან რეალურად არაფერი იცვლება. მოცემულობა იგივე რჩება - 76 ხმის მობილიზება მარტივად შეუძლია „ქართულ ოცნებას", ამიტომაც შინაარსობრივად არაფერი იცვლება, ცვლილებები იმისთვის დასჭირდათ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თავი გაიმართლონ. ამ საკანონმდებლო ცვლილებას აქვს ერთადერთი მიზანი პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ შეზღუდონ. ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები დიდი ხანია პარტიული დანაყოფები არიან და ამ ცვლილებით, რაც წარმოადგინა „ოცნებამ“ და გვიმტკიცებს, რომ ეს უკეთესი ვარიანტია, ბერკეტი რჩება „ქართულ ოცნებას“, რომ ერთპიროვნულად დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე საერთოდ არ წარმოადგენს ლეგიტიმურ პირს, რომელსაც შეუძლია კანდიდატურები წარმოადგინოს”,- განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, მმართველი უმრავლესობის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მედიას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააცნო.

მიქანაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. შესაბამისი კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება