ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას უკავშირდება. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ჯოზეფ ბორელი კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მეტი სიცხადის შეტანისთვისაც ჩამოდის, რათა საბოლოოდ გაირკვეს, სად არის საქართველოს ხელისუფლება ამ სიტუაციაში.
„ჯოზეფ ბორელი მაღალი დონის დიპლომატია და დიპლომატიაში ყველაფერი არ ითქმის. შეიძლება გარეთაც არ გამოვიდეს ეს ამბავი, მაგრამ რეალურად, ყველა ხვდება, მათ შორის ბორელიც, რომ ეს ვიზიტიც პირდაპირ კავშირშია იმპიჩმენტთან. ანუ, ქვეყნის მმართველი ძალა იმპიჩმენტს იწყებს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი დასავლეთისკენ დგამს ნაბიჯებს. ეს რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სიგნალია, რომელსაც დასავლეთიც გრძნობს და ხედავს“,-განაცხადა ბატიაშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოში 12 პუნქტთან დაკავშირებით სერიოზული ჩავარდნა არის.
„რეალურად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რომ არ შეიძლება მუდმივად 2 სკამზე ჯდომა. ერთი მხრივ, იმის ჩვენება, თითქოს დასავლეთისკენ მიდის, მაგრამ რეალურად, ანტიდასავლურ არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ საქმეს აკეთებს. ახლოვდება უკვე ის დრო, როდესაც უნდა გადაწყდეს, საქართველოს მიენიჭება თუ არა კანდიდატის სტატუსი. ამ სიტუაციაში სიცხადის შეტანა არის საჭირო, თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბევრი რამ ბუნდოვანია. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ საქართველოში 12 პუნქტთან დაკავშირებით სერიოზული ჩავარდნა არის. რეალურად, ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ასრულებს, რაც პრობლემა არის. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ თითქოს რეკომენდაციები სრულდება, ნაბიჯები იდგმება, კომისიები იქმნება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ცარიელი „წყლის ნაყვა არის“, ამას ყველა გრძნობს და ხედავს“,-განაცხადა ბატიაშვილმა.
მისი შეფასებით, ოპოზიციის სათქმელი იქნება ის რეალური სიტუაცია, რაც ქვეყანაში არის შექმნილი, მათ შორის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.
„ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტის ვიზიტი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტი არის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება, რომელიც დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს დასავლელ პარტნიორებში. ალბათ, ამ საკითხებზე იქნება საუბარი“,-განაცხადა ბატიაშვილმა.
როგორც მან განმარტა, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ეს ერთი რომელიმე კონკრეტული ადამიანის დამსახურება არ იქნება.
„ამ შემთხვევაში ერთი რომელიმე კონკრეტული ადამიანის ან ინსტიტუტს დამსახურება არ არის, ქართველი ხალხი მიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ მოგვანიჭეს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ პროცესში სიცხადე არ არის შეტანილი, ამ სიცხადის შეტანისთვის ჩამოდის ბატონი ბორელი, რათა საბოლოოდ გაირკვეს, სად არის საქართველოს ხელისუფლება ამ სიტუაციაში. რაც შეეხება ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვფიქრობ, მსგავს საკითხებზე ისაუბრებენ. ახლა მთავარი საკითხი არის 12 პუნქტიანი გემის შესრულება და სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში დღეს ჩამოვა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.