ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პოლიტიკური ინტერესი გააჩნია - რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელის დერეფნებში დადის და საკითხის გააქტიურებას ცდილობს, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
რაც შეეხება ამ პროცესში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლის, კრის სოჩას შესაძლო მონაწილეობას, ვოლსკის თქმით, დიდი ხანია, სოჩა „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეა, მათთან 2004 წლიდან ინტენსიური ურთიერთობა აქვს და გარკვეულ საკითხებში მათი გამაერთიანებელია.
ამის მიუხედავად, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „კრის სოჩა საკმაოდ გონიერი ადამიანია და არ მიაჩნია, რომ ისიც ისე ფიქრობს, როგორც ლევან ხაბეიშვილი“.
„უშველებელია სია კეთილი საქმეებისა, რაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს გაუკეთებია ქვეყნისთვის, ყოველგვარი დაყვედრებისა და დივიდენდების მოთხოვნის გარეშე. ერთი ისეთი ფაქტი არ არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პირადი რესურსით სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება. საქართველოს წინააღმდეგ რადიკალური ოპოზიცია შეთქმულებას ეწევა და ივანიშვილზე არის შეტევა.
ივანიშვილზე შეტევა დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს ადამიანი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილს თავისი ქვეყნისთვის რამდენიმე მილიარდი აქვს დახარჯული და რადიკალური ოპოზიცია ტაშს უკრავს, რომ მას შვეიცარიის ბანკთან პრობლება აქვს და მისი თანხები შეჩერებულია, თუმცა ზუსტად იციან, რომ ნებისმიერი ცენტი ქვეყნის სასარგებლოდ იხარჯება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.