საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას ეხებოდა.
პაპუაშვილის განმარტებით, კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი უკვე დაამტკიცა და მისი მიღება უახლოეს მომავალში მოხდება.
მისივე თქმით, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე, მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე, სასამართლო რეფორმისა და პოლარიზაციაზე ისაუბრეს.
„ჩვენ მოსმენილი გვაქვს ევროკომისიის შუალედური ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო, თუ სად რა პროგრესი არის [რეკომენდაციების შესრულების კუთხით]. მაშინდელ შუალედურ ანგარიშში რაღაც საკითხები ჯერ კიდევ არ იყო ასახული, მათ შორის, სხვათა შორის, მართლმსაჯულების ცვლილებებზე სასამართლო რეფორმების მხრივ, ასევე მედიასთან დაკავშირებით აუდიო ვიზუალურ დირექტივაზე არ იყო ასახული, ამიტომ ისინიც აისახება.
ჩვენ გვქონდა საუბარი მაგალითისთვის, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე. კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, უკვე დაამტკიცა მისი პროექტი და უახლოეს მომავალში მოხდება მთლიანად ამ სამოქმედო გეგმის მიღება. ამაზე გვქონდა საუბარი, თუ რამდენად მოცულობითი იქნებ ეს საკითხი.
რაც შეეხება სასამართლო რეფორმის საკითხს, იცით, რომ თავად ევროკომისიის რეკომენდაციითვე, ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით, რომელიც უახლოეს ხანში უნდა იყოს და ამის საფუძველზე გავაგრძელებთ [მუშაობს].
რაც შეეხება პოლარიზაციას - სხვათა შორის, მანაც აღნიშნა, რომ პოლარიზაცია არის თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი. მთავარი არის ერთი რამ, რომ ეს პოლარიზაცია, რაც გარკვეულწილად, პოლიტიკური კონკურენციის ფორმაა, ცივილიზებულ ჩარჩოებში იყოს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.