შეხვედრაზე ძირითადი გზავნილი იყო, რომ საქართველო ჩამორჩება გეგმას და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა - „ქართული ოცნება” გადასულია წუწუნსა და თავის მართლებაზე ან უტევს ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მკაფიო იყო შეფასება ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.
სამნიძის შეფასებით, აქამდე ევროპელ კოლეგებთან, არც ერთ შეხვედრაზე, ასეთი მკაფიო და მკაცრი გზავნილები არ მოუსმენია.
„ამ ხნის მანძილზე არ დავსწრებივარ ისეთ შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, სადაც ასე მკაფიოდ და მკაცრად გამოითქვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე შეფასება, რაც პირდაპირ უკავშირდება სტატუსის მოპოვებას. „ქართული ოცნება", სამწუხაროდ, გადასულია ან წუწუნზე, ან თავის მართლებაზე ან უტევს ევროკავშირის წარმომადგენლებს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და ყველაფერს აკეთებენ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ თუ გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა, უნდა გავითვალისწინოთ პატივი ვცეთ ამ კრიტერიუმებს და ვაკეთოთ საქმე, რომ პირველ რიგში, ხელისუფლების ძირითადი პასუხისმგებლობაა სტატუსის მიღების პროცესი, სადაც ის უნდა იყოს მაქსიმალურად მონდომებული, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური, ოპოზიციის ვალდებულება კი არის თანამშრომლობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო ჩამორჩება გეგმას და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მაგრამ ჯერ კიდევ დრო არის და საჭიროა მისი ეფექტიანად გამოყენება. ეს იყო ძირითადი გზავნილი, საკმაოდ მკაცრი იყო გზავნილები და მკაფიო. ხაზი გაესვა, რომ ჩვენს პარტნიორებს სურთ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. აქვე მინდა ვთქვა, რომ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება ცალსახად შეფასდა, როგორც ნეგატიური გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის”, - განაცხადა სამნიძემ.