12 პრიორიტეტი იმ რეფორმებს ეხება, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს არა ბრიუსელისთვის, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრება და დემოკრატია გაუმჯობესდეს - მიმაჩნია, რომ ნამდვილად შესაძლებელია ამ პერიოდში წარმატების მიღწევა, მოლოდინი მხოლოდ დადებითი გვაქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბორელმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ არსებობს ის ძალისხმევა, რაც ამ რეკომენდაციებს სჭირდება.
„ჯამში 12 პრიორიტეტი გვაქვს, ყველა მნიშვნელოვანია. იმ რეფორმებს ეხება, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს არა ბრიუსელისთვის, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრება გაუმჯობესდეს, გაუმჯობესდეს დემოკრატია. მიმაჩნია, რომ არის დრო და ძალისხმევაა გასაწევი. თქვენ იცით, რომ ეს პროცესია.
ევროკომისია გამოაქვეყნებს გაფართოების შესახებ დასკვნას, მასში ქვეყნების შესახებ იქნება ანგარიში. ყოველ ანგარიშში იქნება მიღწეული შედეგის და პროგრესის სტატუსი, აქვე იქნება რეკომენდაციები შემდეგი ეტაპისთვის. ყველა წევრი სახელმწიფო ამ ქვეყნებს მისცემს რეკომენდაციებს, წლის ბოლოს კი წევრი სახელმწიფოები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. გიდასტურებთ, მიმაჩნია, რომ ნამდვილად შესაძლებელია ამ პერიოდში წარმატების მიღწევა, მოლოდინი მხოლოდ დადებითი გვაქვს. სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ძალისხმევა, რაც სჭირდება ამ რეკომენდაციებს, არსებობს“, - აღნიშნა ბორელმა.
მისივე თქმით, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმაზე, რომ დაძაბულობა შემცირდეს და ქვეყანამ ისტორიული შანსი არ დაკარგოს.
„ამ ეტაპზე, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე, დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე“, - აღნიშნა მან.