ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ხელშესახები რეფორმები - თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, „ჩვენ ყველგან მოვახდინეთ დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ დახმარებას, არამედ ჩვენ თავად ვართ მონაწილენი და კონტრიბუცია შეგვაქვს საერთო მიზნების მიღწევაში.“
„ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ხელშესახები რეფორმები. თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი. შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და ჩვენ იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუს მიიღებს. ჩვენ კარგად გვესმის, ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ალბათ, ასეთი გამოწვევის წინაშე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა, არამედ ევროპა, ევროპის კონტინენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც არ ჩერდება, მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც, რა თქმა უნდა, არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვისაც. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა და მე ეს მჯერა, რომ თქვენ კარგად გესმით და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, განსაკუთრებულ მდგომარეობაშია.
მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის 20%-ი არის დღეს ოკუპირებული. ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები. პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს, ეს იყო დამანგრეველი ომი, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ჩვენი ჯარისკაცების, პოლიციელების და სამოქალაქო პირების. ჩვენ მძიმე ფასი გვაქვს გადახდილი. ამას გარდა, მინდა შეგახსენოთ ჩემო მეგობრებო, რომ ჩვენი თანამონაწილეობა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პროცესში. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, საიმედო და სანდო პარტნიორი ნატო-ს მისიებისთვის: ავღანეთში, ერაყში, ასევე, ევროკავშირის ეგიდით გამართულ მისიებში - ცენტრალურ აფრიკაში. ჩვენ ყველგან მოვახდინეთ დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ დახმარებას, არამედ, ჩვენ თავად ვართ მონაწილენი და კონტრიბუცია შეგვაქვს საერთო მიზნების მიღწევაში. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების 55%-ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60-%-ზე მეტი, ამ პროცესს მე თავად ვხელმძღვანელობ. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და ვუწევ კოორდინაციას, აი, ამ პროცესს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.