მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკომისია ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. სხვას არაფერს ვითხოვთ, იმაზე მეტი არასდროს მოგვითხოვია, რასაც ვიმსახურებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, საქართველოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში.
„ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში. ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, რომ სამი რეკომენდაცია სრულად არის შესრულებული და დანარჩენზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ჩვენი მხრიდან. ამაში, ასე ვთქვათ, განსხვავებული მიდგომა გაქვს. არსებობს მოსაზრება, რომ ცხრა რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული და რამდენიმეა დარჩენილი. სამ რეკომენდაციას გამოვყოფდი, რომელზედაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის დეპოლარიზაცია, მაგრამ აქ ოპოზიციის ჩართულობა გვჭირდება. მეორე ეს არის დეოლიგარქიზაცია. ამაზე ძალიან მალე, 1-2 კვირაში დავასრულებთ მუშაობას, სამოქმედო გეგმას და ხედვას წარვადგენთ, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში და მესამე, ეს არის სასამართლო რეფორმა. ძალიან ბევრი რამ შესრულდა და ველოდებით რეკომენდაციებს ევროკომისიიდან, ამის შემდეგ ეს რეკომენდაცია სრულად შესრულდება. რაც შეეხება, ჩემს პროგნოზს, რა თქმა უნდა, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და ჩემი მოლოდინები საჯაროდ გაგიზიაროთ. ვისურვებდი, რომ ერთად დაველოდოთ. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკომისია ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. სხვას არაფერს ვითხოვთ, იმაზე მეტი არასდროს მოგვითხოვია, რასაც ვიმსახურებთ. სამართლიან მოპყრობას ვითხოვთ. შარშან, როდესაც სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს ბონუსად, მე ასე ვიტყოდი, - ამას ბონუსს ვეძახი, ვინაიდან, კარგად ვიცით ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობა და სიტუაცია. რა თქმა უნდა, არავის ვედრებით, მხოლოდ გვიხარია მათი წარმატება. ახლაც მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის და მოლდოვას მიმართ, მაგრამ მათ სტატუსი „ავანსად“ მიეცათ და უთხრეს, რომ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რეკომენდაციები. ჩვენ შემთხვევაში პირიქით იყო, გვითხრეს, რომ ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და მერე მოგცემთ ამ „ავანსს“, თუ ასე ვთქვათ სტატუსს. ეს ჩვენთვის საკმაოდ სამწუხარო იყო. ვფიქრობთ, უსამართლო იყო იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ბოლო ათ წელიწადში განსაკუთრებით. ყოველთვის ვიყავით და ვართ დღესაც „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანა, იგივე მედიათავისუფლების, ადამიანთა უფლებების, ანტიკორუფციული პოლიტიკის, სასამართლო რეფორმის, ეკონომიკის განვითარების და ყველა მიმართულებით, სოციალური პოლიტიკა თუ მთავრობის გამჭვირვალობა. ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე ადგილზე, მითუმეტეს, დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. განსაკუთრებით მძაფრად მინდა აღვნიშნო არსებული სიტუაცია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას წაახალისებს, ქართველ ხალხს, ჩვენს მთავრობას და მთლიანად ყველას დაუფასებს იმ ერთგულებას, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ჩვენი საქმით და ძალიან მტკიცე მოწოდებით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ ევროკავშირს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.