ნინო დოლიძე - ბატონი ბორელის მხრიდან იყო მესიჯი, რომ ევროკავშირსაც სურს, საქართველო იყოს მისი წევრი, თუმცა აღნიშნა, რომ რეკომენდაციები ჯერ კიდევ შესასრულებელია

ბატონი ბორელის მხრიდან იყო მესიჯი, რომ ევროკავშირსაც ძალიან სურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და ახლაც ევროინტეგრაციის პროცესზე დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მან აღნიშნა, რომ რეკომენდაციები ჯერ კიდევ შესასრულებელია, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქვეყნისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგამს ელის.

„რა თქმა უნდა, შეხვედრის მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი. ცხადია, ჩვენი მთავარი მესიჯი იყო, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება დღეს კანდიდატის სტატუსი და მას ამ პროცესში მხარდაჭერა ვთხოვეთ, რომ ოქტომბერში [ქვეყანამ] ევროკავშირის მხრიდან მიიღოს რეკომენდაცია და შემდეგ უკვე დეკემბერში, საბოლოო გადაწყვეტილება იყოს იმის სასარგებლოდ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ბატონი ბორელის მხრიდანაც იყო მესიჯი, რომ ეს არის ორმხრივი, ევროკავშირსაც ძალიან სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და ახლაც ევროინტეგრაციის პროცესზე დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მან აღნიშნა, რომ რეკომენდაციები არის ჯერ კიდევ შესასრულებელი. ისინი საქართველოსგან ელიან ქმედით ნაბიჯებს, რომ აი, ამ პროცესში ჩვენც დავეხმაროთ, რომ მათი გადაწყვეტილებაც იყოს დადებითი”, - განაცხადა დოლიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა