პარლამენტმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე უარის თქმისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ მოქალაქეთა პეტიციის განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოქალაქეთა პეტიციის განხილვა, რომელშიც წარმოდგენილი იყო მოთხოვნა - უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის.

აღნიშნული პეტიცია პარლამენტში 6 084 მოქალაქის ხელმოწერით შევიდა და ბიუროს გადაწყვეტილებით, შესასწავლად და განსახილველად დარგობრივ კომიტეტს გადაეცა.

კომიტეტმა პეტიციაზე უარი ისე განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომაზე მყოფ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს კომიტეტისთვის მისი წარდგენისა და მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა არ მიეცათ.

„სახელმწიფოს გააჩნია პოზიცია, რომ რუსეთს სანქციებს არ უწესებს, რადგან სანქციები, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე იმოქმედებს. ამიტომ პეტიციის შესწავლასა და მის სიღრმისეულად განხილვას მიზანშეუწონლად მივიჩნევთ. ჩვენ, რასაკვირველია, საერთაშორისო სანქციებს ვუერთდებით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის გადაწყვეტილება, პეტიციაზე უარი მისი წარდგენისა და დასაბუთების გარეშე ეთქვათ, პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურისტმა კახა წიქარიშვილმა მედიასთან გააპროტესტა.

წიქარიშვილის თქმით, მმართველ უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის საკითხი მათთვის ტაბუდადებული თემაა.

„ვნახეთ, რომ პარლამენტში ამ თემაზე ლაპარაკის საშუალებაც კი არ მოგვცეს. მოთხოვნას ათასობით მოქალაქე აწერს ხელს, ჩვენ მათი მოთხივნა პარლამენტამდე მივიტანეთ, მაგრამ ლაპარაკის და პეტიციის დასაბუთების საშუალებაც კი არ მოგვცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ თემის ეშინია და საკითხს ტაბუ დაადო“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება