„გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ დღეს დაანონსებულ აქციებს უერთდება

პარტიები „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ დღეს დაანონსებულ ყველა აქციას უერთდება.

ამის შესახებ პარტიების თავმჯდომარეებმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელეს.

მათი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინაა ამა თუ იმ აქციის ორგანიზატორი, რადგან ახლა ერთობა მნიშვნელოვანია.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „შეტევაზე ყოფნით რუსული აგენტურა გატყდება“.

„ახლა მოქმედების დროა, ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ სცადოს, რომ ეს ერთობა აურიოს რაღაც შერწყმაში. ეს პოლიტიკური ტექნიკური ტერმინი კი არაა - დღეს ერთად უნდა ვიმოქმედოთ, შესაბამისად, საერთოდ არ ვაპირებ იმ წვრილმანებში შესვლას, ვინ რომელ საათზე დააანონსა აქცია, ყველა აქციაზე წავალთ - 17:00 საათზე სებ-თან, 18:00 საათზე წულუკიანის წინააღმდეგ აქციაზე, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციაზე. ჩვენ თვითონაც ბევრი აქცია და პროტესტი გვექნება და რაც მთავარია, მართლა უნდა დავიჯეროთ, რომ შეტევაზე ყოფნით ამ რუსულ აგენტურას გავტეხთ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი, დიდი ხანია ოპოზიციას აქცია არ ჰქონია და მნიშვნელოვანია, რომ ქუჩის პროტესტი დაიწყოს.

„ქვეყანაში გვყავს „ეფესბეს“ აგენტი, რომელიც გაიშიფრა. წამოწოლილია, წყნეთში ცხოვრობს, ამ აგენტს არა მხოლოდ გადაეფარა მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, არამედ ჩვენი ქვეყნის ბედი, კეთილდღეობის დონე შემოაგდეს სასწორზე ერთი კონკრეტული რუსი აგენტის გამო. ეროვნული ბანკის მეშვეობით გააკეთეს ის, რომ დატოვეს ხვრელი „ქართუ ბანკის“ სახით, რუსული ფულის შემოდინება-გადინებისთვის, რაც არის მუდმივი საფრთხე ამ ქვეყნისთვის. ნებისმიერ დროს შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ახლა რომ არ ვართ, ესეც იმის გამო, რომ დასავლეთი გვინდობს, თორემ სანქციები რომ მოგვხვდეს, ხვალიდან ქვის ხანაში აღმოვჩნდებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ. ასეთი რაღაცების გატარება „არ მოსულა“. მეორე საკითხია ის, რომ დიდი ხანია პროტესტი არ გვქონია. რამდენიმე თვეა არცერთ პარტიას ქუჩაში პროტესტი არ გაგვიკეთებია, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. ეს პროტესტი უნდა დაიწყოს. ქუჩის პროტესტის გარეშე რუსების ხელისუფლებიდან გაშვება წარმოუდგენელია, ასეთი ზღაპრების არ გვჯერა. პროტესტი დასაწყები და მოსასინჯია“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში სამი სხვადასხვა აქცია გაიმართება. 17:00 საათზე საპროტესტო აქცია დაგეგმილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან. 18:00 საათზე პარლამენტთან კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის წინააღმდეგ შეიკრიბებიან. 19:00 საათზე კი ასევე საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დააანონსა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, რომელთაც განაცხადეს, რომ საზოგადოებასთან ერთად სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაონ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება