სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი წარადგინა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სახელმძღვანელო დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა გამართა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეებზე, კვალიფიკაციის დამდგენი სახელმძღვანელო დოკუმენტი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით განსაზღვრავს, ქმედება რა შემთხვევაში უნდა დაკვალიფიცირდეს უპირობოდ წამებად, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობად და რა შემთხვევაშია დასაშვები ქმედების კვალიფიკაცია, როგორც სამოხელეო დანაშაული.

უწყების ცნობით, დოკუმენტი ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და შეამცირებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევების სამოხელეო დანაშაულით გადაფარვის რისკებს.

აღნიშნული სახელმძღვანელო, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის – ფაზა 2“ ფარგლებში, ექსპერტის მიერ შემუშავდა და 2023 წლის 31 ივლისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცდა.

„სახელმძღვანელო დოკუმენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს მისცემს შესაძლებლობას, მაქსიმალურად სწრაფად და სწორად შეძლონ არასათანადო მოპყრობის საქმეებზე კვალიფიკაციის განსაზღვრა“, - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან ქუთათელაძემ.

კვალიფიკაციის გამიჯვნის დოკუმენტის შემუშავების პროცესში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სახალხო დამცველის აპარატი გარკვეულ ეტაპზე იყო ჩართული.

„ჩვენ, სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობისას, დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებები დავაფიქსირეთ. სამსახურის ადვოკატირების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა იმას, რომ საია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აძლევს რეკომენდაციას, გამოძიების დაწყების ეტაპზევე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით წარიმართოს და ეს კვალიფიკაცია თანხვედრაში იყოს ევროპული კონვენციებით დადგენილ ნორმებთან“, - განაცხადა საია-ს ადამიანის უფლებების ანალიტიკოსმა ფატი ჩაფიჩაძემ.

უწყების ინფორმაციითვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია ქმედების დანაშაულად სწორად დაკვალიფიცირების მნიშვნელობა. გამოძიების ეტაპზე არასწორად დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის საქმე საფრთხეს უქმნის მსხვერპლის ნდობის ჩამოყალიბებას, გამოძიების პროცესში ჩართულობას და დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებას.

წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის გამიჯვნის სახელმძღვანელო დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება