პროექტ ECO.Georgia-ს მმართველი საბჭოს მე-4 შეხვედრაზე მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შედეგები შეაჯამეს

პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ მმართველი კომიტეტის წევრებმა 2023 წლის პირველ ნახევარში სატყეო სექტორში მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მმართველი საბჭოს მე-4 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა.

„ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ სატყეო სექტორის რეფორმა, რომელსაც მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ტყის კოდექსის სახით. ამავდროულად, დაიწყო კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო მრავალკომპონენტიანი პროგრამა, რომელიც სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში გვაქვს გარკვეული პროგრესი. სოფლის განვითარების სააგენტომ წარმატებით დაიწყო ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოების დაფინანსება, ჩვენი მოქალაქეებისათვის ღუმელების მიწოდება, რაც ჩვენი პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია. რაც მეტად გაიზრდება ცნობადობა მოსახლეობაში იმ სიკეთეების შესახებ, რაც შეიძლება ენერგოეფექტურმა ტექნოლოგიებმა მოგვიტანოს, მით მეტი იქნება ინტერესი. ასევე პროექტის ფარგლებში, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს ტყის მართვის გეგმების შემუშავების და დამტკიცების პროცესი; ინვენტარიზაცია ლოკალურ დონეზე რამდენიმე სამიზნე მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაში გახლავთ. პარალელურად, ჩვენ ვაძლიერებთ მაკონტროლებელ უწყებას, ჩვენი ზედამხედველობის სამსახურს, რომელსაც გადაეცა შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა იმისათვის, რომ უკანონო ტყითსარგებლობის და უკანონო ჭრის ფაქტების გამოსავლენად კონტროლი უფრო აქტიურად გააგრძელოს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს საქმიანი ეზოების მოწყობის პროცესი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხე-ტყის დამზადების და გასხვისების მდგრადი მართვის პრაქტიკა ეტაპობრივად დაინერგოს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ტყის სექტორში დასაქმებული ადამიანების საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და გადამზადების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციურიხის ფედერალურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია გაცვლითი პროგრამების განხორციელება ქართველი სტუდენტებისთვის ტყის მდგრადი მართვის და ტყითსარგებლობის საერთაშორისო ევროპული პრაქტიკის გასაცნობად.

„საბჭოს შეხვედრაზე, საქართველოში გერმანიის საელჩოს თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ლიდია ქრისთმანიმ და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს/შვეიცარიის საელჩოს რეგიონულმა დირექტორმა ბარბარა ბიონიმ საქართველოში, სატყეო სექტორში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება საქმიანი ეზოების მოწყობის პროცესზე, ტყის მართვის საქმეში საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და პროფესიული განათლების გაძლიერებაზე გაამახვილეს.

„საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელსაც საქართველოს მთავრობა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ. პროექტი მოიცავს სამ კომპონენტს: „ტყის მდგრადი მართვა“, „ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარება“, „შემოსავლის წყაროები და ადგილობრივი თვითმმართველობა ტყის მართვაში“. პროექტი საქართველოს სამ რეგიონს - კახეთს, გურიასა და მცხეთა-მთიანეთს მოიცავს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო