ჯაბა სამუშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის (SCRA) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ეროვნების წარმომადგენელმა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ საუკუნის წინ. ჩვენ საუკუნეების მანძილზე გვაქვს ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანელ ერთან. ის ვიზიტები, რომლებიც ჩემი რექტორობის პერიოდში განხორციელდა მაძლევს იმის იმედს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება. უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის განათლების მინისტრი, წამყვანი უნივერსიტეტების რექტორები და თქვენი ვიზიტით კიდევ უფრო ვაფართოებთ ამ ძალიან მეგობრულ წრეს“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ს განმარტებით, რექტორმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა რელიგიური ტოლერანტობისა და კავკასიის ერთიანობის საკითხებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური ტოლერანტობა, ეს იყო ჩვენი ქვეყნის და თბილისის სავიზიტო ბარათი. დღესაც, საქართველოში ასობით მეჩეთია იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეები სახლობენ და ასევე, არის ქართული ეკლესიები საინგილოს ტერიტორიაზე, სადაც ქართველები სახლობენ. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენი ურთიერთობები აუცილებლად უნდა განმტკიცდეს და ერთიან კავკასიაზე ვიფიქროთ. ერთიანი კავკასია არის უდიდესი ძალა მსოფლიო პოლიტიკაში. ერთად უნდა ვიყოთ და ერთად შევქმნათ ძალიან დიდი კულტურა“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის (SCRA) თავმჯდომარემ, მუბარიზ გურბანლიმ ყურადღება გაამახვილა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.

„თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და დარწმუნებული ვარ, ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც ეხება კავკასიის ისტორიას, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება კავკასიის მომავლისთვის. ჩვენ შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა არის უდიდესი ღირებულება და იმედია, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა მუბარიზ გურბანლიმ.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის, კავკასიის მუსლიმთა საბჭოს, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიური თემის, წმინდა ნინოს ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიური თემის წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს