კახა კალაძის ინფორმაციით, თემქის ხევის პარკი ზაფხულისთვის დასრულდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად თემქის ხევში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი, საქალაქო მნიშვნელობის პარკი 25 ჰექტარზე ეწყობა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მსგავსი მასშტაბის რეკრეაციული სივრცე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მოწყობილა.

„თემქის ხევი იყო ჭაობი. ახსოვთ აქ მცხოვრებ ადამიანებს, რა მძიმე მდგომარეობა იყო, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში - სუნი და ანტისანიტარია. დღეს ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა პარკი დედაქალაქში არასდროს აშენებულა. დაახლოებით 25 ჰექტარზე არის საუბარი. პროექტის ფარგლებში ყველანაირი სივრცე მოეწყობა - სპორტული, დასვენების, გართობის ზონები, ძალიან მაგარი სკეიტ პარკი კეთდება, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები, მოსასვენებელი ფანჩატურები. ასევე გათვალისწინებულია ორი საფეხმავლო ხიდის აშენება, რომელიც მიკრორაიონებს ერთმანეთთან დააკავშირებს. გაზაფხულზე გამწვანების კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები დაიწყება და ვფიქრობთ, ზაფხულისთვის პროექტი მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

„ადგილზე იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე.

პარკის ტერიტორიაზე სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი, ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები, ასევე ორი საფეხმავლო ხიდი ეწყობა, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარე მიკრორაონებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ამის პარალელურად მიმდინარეობს გამწვანების მასშტაბური სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი ბალასტით შეიცვალა. ამ დროისთვის დასრულებულია ორივე ტბის, სანიაღვრე სისტემის, სკეიტ პარკისა და ახალი კოლექტორის მშენებლობა. გარდა ამისა, მოეწყო საფეხმავლო გვირაბი, რომელიც თემქის ხევის ტერიტორიის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს.

სამუშაოების ღირებულება 39 280 534 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო