კახა კალაძე - ქედს ვიხდი მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანას და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა - მესმის, რომ არსებობს სირთულეები და გამოწვევები, მაგრამ მერწმუნეთ, ერთად დგომით შესაძლებელია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„რაც დრო გადის, მით უფრო ძვირფასი ხდება დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ და საყვარელ ქალაქს, საქართველოს გულსა და სულს, ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ეძღვნება. „თბილისობა“ ის ტრადიციაა, რომელსაც ერთნაირი სითბოთი და სიხარულით აღნიშნავს დიდიც და პატარაც, ამ დღეს ელოდება ქალაქის მკვიდრიც და სტუმარიც, ქართველიც და უცხოელიც, ყველას თავისი წილი თბილისი აქვს გულში და საქართველოს დედაქალაქიც ყველას გვეძვირფასება.

ჩვენს ქალაქს, ერთი შეხედვით, ამოუცნობი მიზიდულობის ძალა აქვს. დამეთანხმებით, რომ ეს ჭაღარა, უძველესი თბილისი საოცრად ახალგაზრდული და თანამედროვეა, სიცოცხლითა და სიხარულით, გრძნობებითა და ემოციებით სავსე ქალაქია. აქ 16 საუკუნეა, ერთმანეთის მხარდამხარ მოდიან სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთაც უყვართ და ეიმედებათ ერთმანეთი, ერთად ოცნებობენ საკუთარი ქალაქის საუკეთესო მომავალზე და ერთად ცდილობენ, ეს ქალაქი გააფერადონ, საკუთარი ფერი შესძინონ და იქ, სადაც სიყვარულია, მოგეხსენებათ, შეუძლებელი არაფერია.

მეამაყება, რომ თბილისელების არჩევანით მაქვს შესაძლებლობა, ვიყო ამ ქალაქის მერი. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ვალდებულება ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს, იყო უძველესი და ულამაზესი ქალაქის მერი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და თბილისელების წინაშე აღებული ვალდებულებებია, თუმცა ამ ყველაფერს თან სდევს დიდი სიამოვნებაც, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქის დასახელების ცერემონიას უკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის სიტყვაში დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა საპატიო თბილისელის წოდების მნიშვნელობას და იმ წვლილს, რომელიც დასახელებულმა მოქალაქეებმა თბილისის განვითარებაში შეიტანეს. მან პატივი მიაგო გარდაცვლილ საპატიო თბილისელთა ხსოვნას.

„დღეს მეექვსედ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანასა და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა, ვისი ამაგის აღნიშვნაც ჩვენი ვალია, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ და თბილისის საპატიო მოქალაქედ დავასახელოთ.

მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ვიფიქროთ მის მომავალზე, შევეცადოთ და შევძლოთ მისი საუკეთესო სახით ტრანსფორმაცია. მესმის, რომ არსებობს სირთულეები და გამოწვევები, მაგრამ მერწმუნეთ, ერთად დგომით შესაძლებელია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო