მიხეილ სარჯველაძე - დღეს მოქმედი კანონითაც არაერთი საფუძველია არალეგიტიმური მანიფესტაციის ან შეკრების შეზღუდვისთვის - ლეგიტიმური მიზანი არსებობს, რის გამოც გამართლებულია ცვლილებების მიღება

დღეს მოქმედი კანონითაც არაერთი საფუძველი არსებობს არალეგიტიმური მანიფესტაციის ან შეკრების შეზღუდვისთვის - ლეგიტიმური მიზანი არსებობს, რის გამოც გამართლებულია ცვლილებების მიღება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებები განიხილეს, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.

სარჯველაძის თქმით, ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებები ფარსია.

ამასთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროექტში წარმოდგენილი ფორმულირებები, თუ რა შემთხვევებში იკრძალება კარვის გაშლა, ცხადია და ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, თუმცა, შესაძლებელი იქნება ჩანაწერების დაზუსტება.

„მეორე მოსმენის ეტაპზეც შესაძლებელი იქნება ამაზე მუშაობა, რომ უფრო მეტად დაიხვეწოს, თუკი არსებობს ამის საჭიროება და თუკი გამოიკვეთება, რომ ორმაგი ინტერპრეტაციის რისკი არსებობს. თუმცა, ამაზე მუშაობაა საჭირო. წინასწარ ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს. კანონპროექტის განხილვის ეტაპზე, ეს კითხვაც დავსვით, ხომ არ არის ორმაგი, არაერთგვაროვანი, ინტერპრეტაციის რისკი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ არსებობს. დღეს მოქმედი კანონითაც არაერთი საფუძველი არსებობს არალეგიტიმური მანიფესტაციის ან შეკრების შეზღუდვისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო