ოთარ შამუგია, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კლერმონ-ფერანის მერიაში, რეგიონული და ნაციონალური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა საფრანგეთის უმსხვილეს მეცხოველეობის გამოფენას Sommet De L’elevage მიეძღვნა.

ინფორმაციის მიხედვით, პრესკონფერენციას ესწრებოდნენ კლერმონ-ფერანის მერი ოლივიერ ბიანჩი, მეცხოველეობის გამოფენის პრეზიდენტი ჟაკ შაზალე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი.

უწყების ცნობით, საფრანგეთში უმსხვილესი მეცხოველეობის გამოფენა „სომე დე ლ ელევაჟი” უკვე 30 წელზე მეტია იმართება. გამოფენას, დაახლოებით, 105,000 ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. მიმდინარე წელს, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2000 საუკეთესო ჯიშის მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.

როგორც ოთარ შამუგიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დღეს საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია, ქვეყანა ელოდება ევროპელი მეგობრების მხარდაჭერას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, გვაქვს პროგრესი, რაც აისახა კიდეც გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის დასკვნაში. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება”, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ საუბრის დროს, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ, აგრარული დარგის ხელშეწყობის ფარგლებში, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია მეცხოველეობის მიმართულების განვითარება.

„მოხარული ვარ, რომ საფრანგეთში, მეცხოველეობის გამოფენის ფარგლებში, იმართება კონფერენცია, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი და რომ კონფერენციაში მონაწილეობენ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, არამედ დარგში არსებული ასოციაციები. მადლობას ვუხდი კონფერენციაში ჩართულ პირებს და ორგანიზაციებს. მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, სექტორული ასოციაციების, ბიზნესოპერატორების და ფერმერების ერთობლივი მოქმედება. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ხელშესახები პროგრესის მიღწევა”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ინფორმაციის მიხედვით, პრესკონფერენციას 20-მდე მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, კლერმონ-ფერანის მერიაში ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ინსტიტუციების, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოფიციალური სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო