გიორგი სანიკიძე - პალესტინა ძვირს გადაიხდის, მაგრამ პრობლემის მოგვარებისგან დღეს ძალიან შორს ვდგავართ, გვირაბის ბოლოს სინათლე აღარ ჩანს

პრობლემის მოგვარებისგან დღეს ძალიან შორს ვდგავართ - გვირაბის ბოლოს სინათლე აღარ ჩანს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი სანიკიძემ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი სანიკიძის თქმით, პრობლემას მხოლოდ მთელი მსოფლიოს ჩართულობა და კონფლიქტის მხარეების, ისრაელისა და ღაზას დათმობებზე წასვლა გადაჭრის.

„პალესტინა ძვირს ნამდვილად გადაიხდის, მაგრამ პრობლემის მოგვარებისგან დღეს ძალიან შორს ვდგავართ. გარკვეულმა ქმედებებმა, ძირითადად პალესტინის მხრიდან, ასევე ისრაელის მხრიდან ხისტმა პოზიციამ, გამოიწვია ის, რომ დღეს გვირაბის ბოლოს სინათლე აღარ ჩანს. ისრაელისთვის სამხედრო თვალსაზრისით პრობლემა არ არის ჰამასს მიაყენოს ისეთი დარტყმა, რომელიც სასიკვდილო იქნება, მაგრამ ეს დარტყმაც ვერ მოსპობს პრობლემას. პრობლემას მოსპობს მთელი მსოფლიოს ჩართულობა პალესტინის პრობლემის გადაწყვეტაში და ორივე მხრიდან დათმობები.

პრობლემა არის პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ის, რაც არაბებს უნდათ, მიუღებელია ისრაელისთვის, დათმობები, რაზეც ისრაელი მიდის, მიუღებელია პალესტინელებისთვის. მთელი ეს წლების ისტორია პალესტინისთვის არის გამოუყენებელი შესაძლებლობების ისტორია. თავის დროზე რომ დათანხმებულიყვნენ, დღეს პალესტინის სახელმწიფო იარსებებდა და ეს პრობლემებიც, ალბათ, აღარ იქნებოდა“, - განაცხადა გიორგი სანიკიძემ.

გიორგი სანიკიძის თქმით, უკრაინის ომიდან მსოფლიოს ყურადღება პალესტინა-ისრაელის დაპირისპირებაზე გადავიდა, რაც რუსეთის ინტერესებშია.

„აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ყურადღების გადატანა მოსკოვის ინტერესებშია. გუშინდელ და დღევანდელ დღეს თუ ავიღებთ „ჰედლაინებიდან“ გაქრა უკრაინის ომი. პირველ ადგილზეა ისრაელში მიმდინარე პროცესები. ასევე, რუსეთის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში საკმაოდ ორაზროვანია. რუსეთი ცდილობდა და ახლაც ცდილობს, რომ ისრაელთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჰქონდეს, მაგრამ ამასთან, არ თაკილობს კულისებს მიღმა პალესტინელებთან ურთიერთობას. ხშირად ცდილობს, ვითომ შუამავალი იყოს, მაგრამ ეს არის პირად ინტერესებზე დამყარებული, რომ რუსეთი როგორმე გამოჩნდეს, როგორც მშვიდობისმყოფელი“, - განაცხადა გიორგი სანიკიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო