საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამებს ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიენიჭა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ერთობლივი და უცხოური აკრედიტაციის მქონე პროგრამების განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის – უმაღლესმა საბაკალავრო STEM პროგრამებმა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიოსამედიცინო ინჟინერია“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ „კომპიუტერული ინჟინერია“ ABET-ის სრული აკრედიტაცია მიიღო.

„ABET აკრედიტაციის საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ისეთივე კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ამერიკის, ევროპისა თუ აზიის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გაცემული საერთაშორისო დიპლომები.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, რეგიონში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა პროგრამამ – „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ და „კომპიუტერული მეცნიერებები“ მიიღო. შედეგად, თსუ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის 2017-2026 წლის, ხოლო ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამის 2018-2026 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომები საერთაშორისოდ აღიარებულია. უნივერსიტეტმა ABET-ის აკრედიტაცია ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში პირველივე ჯერზე, ყოველგვარი დათქმის გარეშე მიიღო.

მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით კი საქართველოს უნივერსიტეტების პროგრამების მიერ ABET აკრედიტაციის მოპოვება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთობლივი და ორმაგი პროგრამების მხარდაჭერას – როგორც პოლიტიკის, ასევე ფინანსური კუთხით, რათა საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები იყვნენ კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები მსოფლიო მასშტაბით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება