იცით, რომ გუშინ შვიდ სოფელში ადამიანებს ელექტროენერგია არ ჰქონდათ, ინტერნეტი გაუთიშეს, ხეები გაჩეხა თქვენმა ოლიგარქმა და ადამიანებს ღამე დაატარებდა, რომ კაბელები ჩაეხსნა, შუქნიშნები მოთხარეს, აბრები ჩამოხსნეს და როცა ივანიშვილი სახელმწიფო რესურსს იყენებს მთლიანად, თქვენ არ გაქვთ არანაირი რეაქცია , - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის დეპუტატებს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს, ოზურგეთში საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა შეკითხვა დასვა:
„მაშინ, როდესაც ამდენი პრობლემაა რეგიონში, მაშინ, როდესაც ორ თვეზე მეტი გავიდა სტიქიიდან და დაზარალებული ადამიანები დახმარების მოლოდინში არიან, პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ამ დრომდე გურიაში ცენტრალური გზებიც კი არ არსებობს და ამ დრომდე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არ ჩასულან გურიაში, სამაგიეროდ ყველამ ნახა გუშინდელი კადრები, როგორ იყვნენ მერიის თანამშრომლები ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ხეების ჭრით დაკავებული, რადგან გაადვილებულიყო ივანიშვილისთვის ბაობაბის მიტანა „პარაგრაფში“”, - მიმართა მან დეპუტატებს.
ამასთან, ნიკოლაშვილს აღნიშნულ კითხვებზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან პასუხი არ მიუღია.
„ნატანებში ორივე სკოლა არის დანგრეული და სანამ ჭერი არ დაეცათ თავზე ადამიანებს, იქამდე არ ჰქონდათ რეაგირება. ნატანების ბაღი - გამოკეტილია. ნახევარი ადამიანები სოციალურ დაუცველთა ბაზაშია და ამ დროს თქვენი ეკო მანიაკი ოლიგარქი ხეებს დაატარებს იქეთ და ყველანაირ რესურსს იყენებს, მათ შორის ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომ გზა გაუკაფონ. როგორ არ გრცხვენიათ, როდესაც საუბრობთ ასე იდეალურ გარემოზე და ამ დროს მართლა თქვენი ეკო მანიაკი ოლიგარქი ასე რომ იყენებს სახელმწიფო რესურსს, დაატარებს ხეებს. იცით, რომ გუშინ შვიდ სოფელში ადამიანებს ელექტროენერგია არ ჰქონდათ, ინტერნეტი გაუთიშეს, ხეები გაჩეხა თქვენმა ეკო მანიაკმა ოლიგარქმა და ადამიანებს ღამე დაატარებდა, რომ კაბელები ჩაეხსნა, შუქნიშნები მოთხარეს, აბრები ჩამოხსნეს და როცა ივანიშვილი სახელმწიფო რესურსს იყენებს მთლიანად, თქვენ არ გაქვთ არანაირი რეაქცია“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.