ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, თითქოს ეს ტექნოლოგიები რუსულის ანალოგია მაშინ, როდესაც ამ აპარატებს არანაირი შემხებლობა არც მისი ტექნიკური გადაწყვეტით, არც შინაარსობრივად, არც პროცედურული მხარით, რუსულთან არ აქვს. ეს არის კომპლექსური თავდასხმებით ტექნოლოგიების სტიგმატიზაცია და რუსულთან მისი აფილირების მცდელობები, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა და იმ ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
მისი თქმით, ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგების თანახმად, ტექნოლოგიების ყველა კომპონენტი სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ ქართულ კანონმდებლობასთან“.
რაც შეეხება აუდიტის დასკვნის პრეზენტაციაზე, 27 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს, კალანდარიშვილი „მიზანმიმართულად დაგეგმილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ამ ინციდენტის მიზანი იყო, აუდიტის მიგნების გაზიარების შესაძლებლობა არ ყოფილიყო და ის იაფფასიანი სპექტაკლით გადაფარულიყო“.
„ეს იყო აბსურდული, უპასუხისმგებლო ჩარევის მცდელობა საარჩევნო ადმინისტრაციის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რათა გადაფარული ყოფილიყო აუდიტის შედეგების მნიშვნელოვანი მიგნებები. აღნიშნული პიროვნებაც [ლაშა ფარულავა] მოწვეული იყო პრეზენტაციაზე, ასევე, იმავე პარტიის სხვა წარმომადგენელიც თავიდან ბოლომდე ესწრებოდა ღონისძიებას და კონსტრუქციულ ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია. იმავე დღეს ვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის უკვე მეორე გამოხმაურება ტექნოლოგიებთან მიმართებით. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კომპლექსური თავდასხმებით ხდება ტექნოლოგიების სტიგმატიზაცია და რუსულთან მისი აფილირების მცდელობები. ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, თითქოს ეს ტექნოლოგიები რუსულის ანალოგია მაშინ, როდესაც ამ აპარატებს არანაირი შემხებლობა არც მისი ტექნიკური გადაწყვეტით, არც შინაარსობრივად, არც პროცედურული მხარით, რუსულთან არ აქვს. იქ ინტერნეტის გამოყენებას აქვს ადგილი, ჩვენს შემთხვევაში - არა, ზუსტად იმ რისკებიდან გამომდინარე, რომ ეს აპარატები არ იყოს კიბერსაფრთხეებისადმი მოწყვლადი; ასევე, იქ სხვა კომპანიაა, ჩვენთან კი სხვა - ისეთი წონიანი კომპანიაა, როგორიცაა „სმარტმატიკი“ რომელსაც მსოფლიოში 30-მდე ქვეყანაში 115-მდე არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება აქვს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ასევე, კალანდარიშვილი სიცრუეს უწოდებს იმას, რომ ოპოზიცია აუდიტის ჩატარების თაობაზე ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, ცესკო-ს ყველა წევრმა ეს ორი თვით ადრე იცოდა.
„არათუ ინფორმირებულები არ იყვნენ ისინი, არამედ იმაზე ადრე იყვნენ ინფორმირებულები, ვიდრე შეიძლება ეს მომხდარიყო. ჯერ კიდევ ორი თვით ადრე, როდესაც ცესკო რიგგარეშე არჩევნების ბიუჯეტს ადგენდა, იქ მოხდა განხილვა, თუ საიდან ჩავდეთ ბიუჯეტში ეს თანხა, რომელიც აუდიტის მიზნებისთვის უნდა გამოყენებულიყო. კომისიის 17-ვე წევრმა 2 თვით ადრე იცოდა, რომ აუდიტი უნდა განხორციელებულიყო და ნებისმიერ დროს, როდესაც მომმართავდნენ, მიიღებდნენ ამომწურავ ინფორმაციას“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარების თაობაზე ცესკოს მიერ დაწყებულ საინფორმაციო კამპანიაზეც გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ათობით ადგილზე განთავსებული აპარატების მეშვეობით, მოქალაქეებს იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის და პროცესის თავად გამოცდის საშუალება აქვთ.
„ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება, განათლება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ტექნოლოგიური პროექტის ეფექტიანად და წარმატებულად განხორციელებისთვის. რაოდენ სიკეთეების მოტანა არ უნდა იდგეს ერთ მხარეს ამ ტექნოლოგიური ინტერვენციით, წყალში იქნება ეს ყველაფერი ჩაყრილი, თუ საზოგადოება ინფორმირებული არ იქნება, რეალურად რა სიახლეებთან გვაქვს საქმე, რა იცვლება მათთვის, რა უპირატესობები აქვს აპარატს. ამიტომ, ამ ყველაფერს დავუკავშირეთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა ის აქტივობა, რომლითაც უზრუნველვყოთ ყველა ამომრჩევლამდე აღნიშნული ინფორმაციის მიტანას. გავხსენით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ველი, ფრონტი, რათა ყველა ამომრჩევლამდე მივიტანოთ ინფორმაცია და სიახლე. წლის ბოლომდე ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება თბილისის მასშტაბით 22-დან 20 მეტრო სადგურში, ამ აპარატების საჯარო დემონსტრაცია, სადაც ჩვენი თანამშრომლების მეშვეობით, ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს, გამოსცადოს ამ აპარატების მუშაობა, დასვას კითხვები. მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებში 27 ლოკაციაზე განთავსებულია აპარატები; ასევე, 11 ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ყველა ვაცნობიერებთ, რომ არჩევნები საერთო საქმეა. მოვუწოდებ ამომრჩევლებს და ვთხოვ, გამოცხადდნენ აღნიშნულ ადგილებზე, სადაც შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.