რატი ბრეგაძე - უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს არ აქვს საქართველოში პოლიტიკური პარტიის წევრობის და მითუმეტეს თავმჯდომარეობის უფლება - სააკაშვილი არის „ნაცმოძრაობის“ არაფორმალური მმართველი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესებზე რა განცხადებებს გააკეთებს, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა თუკი ის ვინმეს დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებს, „ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევა იქნება“.

მინისტრის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებით ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე - არაფორმალურად მართული პოლიტიკური გაერთიანება.

„უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს ნამდვილად არ აქვს საქართველოში არც პოლიტიკური პარტიის წევრობის და მითუმეტეს, არც მისი თავმჯდომარეობის უფლება. თუკი „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე არის მათი ლიდერი და მთავარი წარმმართველი ძალა, ისინი თავად აღიარებენ ერთ რამეს, რაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის არაფორმალურად მართული ძალა მიხეილ სააკაშვილისგან, კეზერაშვილისგან, ვანო მერაბიშვილისგან და ა.შ. სააკაშვილს, ისევე როგორც ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ სხვა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და ის სასამართლო პროცესებზე რას იტყვის, ეს მისი გადასაწყვეტია. მთავარია, რომ მან სასამართლო პროცესზე ასევე ისაუბროს იმის შესახებ, რაც შეეხება საქმეს. მისი განცხადებით კანონი ვერ დაირღვევა, მას აქვს საკუთარი მოსაზრებები, რომელსაც ავრცელებს. თუ ის ვინმეს მოუწოდებს დანაშაულის ჩადენისკენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება კანონდარღვევა, დანარჩენი რა პოლიტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამს, ამით კიდევ და კიდევ ჩნდება „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე, როგორც არაფორმალურად მართული პოლიტიკური გაერთიანება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება