თქვენ გინდათ გამოვიდეთ ყველა ფორმატიდან, სადაც რუსეთი იღებს მონაწილეობას და იზოლირებული ვიყოთ დანარჩენი მსოფლიოსგან - არ გამოვა ეს ამბავი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილის მონაწილეობას ჩინეთში გამართულ ფორუმში, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი.
მდინარაძის თქმით, ამ საკითხზე ლევან დავითაშვილის პარლამენტში დაბარება სპეკულაციურია, თუმცა, თუ რეგლამენტით დადგენილი წესით იბარებენ, ყველა მინისტრს უწევს მოსვლა.
„ვახშამი პუტინთან ერთადო ისე ლაპარაკობთ, თითქოს დავითაშვილი და პუტინი ისხდნენ ერთი - ერთში, ვახშმობდნენ და საუბრობდნენ.
როცა ათეულობით და ასეულობით ქვეყანა იღებს ამ ფორმატებში მონაწილეობას, თქვენ როგორც ჩანს, მოგვიწოდებთ, რომ ამ ფორმატებიდან გამოვიდეთ, მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან, სადაც ასევე რაღაც შეხვედრა რომ იყოს, შეიძლება იყოს რუსეთის წარმომადგენელი, მათ შორის, პუტინი. სპეკულაციის დონე - "ბოლომდე იჯდა და ყურადღებით უსმენდაო," ყურადღებით იჯდა თუ გაფანტული ჰქონდა ადამიანს გონება, თუ სხვა რამეზე ფიქრობდა, აქ ჩადიხართ. მანამდე იყო G20- ის შეხვედრა, სადაც ბლინკენი და ლავროვი ერთად ისხდნენ, როგორ არის ახლა ამერიკელებს არ აინტერესებთ ჩვენი არაფერი და დასავლეთს?! თქვენ გინდათ გამოვიდეთ ყველა ფორმატიდან, სადაც რუსეთი იღებს მონაწილეობას და იზოლირებული ვიყოთ დანარჩენი მსოფლიოსგან, ეს თუ გინდათ, არ გამოვა ეს ამბავი. დაბარება სპეკულაციურია, მაგრამ თუ რეგლამენტით დადგენილი წესით იქნება, უწევს ნებისმიერ მინისტრს და ჩვენ არ გვეშინია ამის, არც მინისტრებს.
ფორმატები არსებობს, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა და იმ ფორმატებიდან არათუ არ გამოვალთ, არამედ ძალისხმევა უნდა გავაძლიეროთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის მიმართ, გაეროდან გამოვიდეთ?! თუ ყოველ ჯერზე დემარშები გაკეთოთ? სხვათა შორის, მაყურებელს რატომ უმალავთ, მონიტორინგს ვთხოვთ ხოლმე ყურადღებით მიადევნოს თვალი, თუ გადასცემთ თქვენ იმას, რომ ჰააგაში ვართ თანამონაწილეები იმ საჩივრის, სადაც რუსეთი ომის დამნაშავედ უნდა გამოცხადდეს და ამას არ უშვებთ. ჩვენი საქმე ის არის, რომ ყველა საერთაშორისო ფორმატი გამოვიყენოთ დეოკუპაციისთვის,"- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სისულელეა ის, რომ ამ ფორმატში დემარში დეოკუპაციას შეუწყობს ხელს.
„ეგ სისულელეა, ბოდიში, რომ გამოვიყენოთ ჩვენ ეს ფორმატი დემარშით და ეს შეუწყობს ხელს დეოკუპაციას.
აუცილებლობა არის, რომ საერთაშორისო ფორმატებში შეხვედრებს დაესწრო, პუტინის მოსმენის აუცილებლობა რა უბედურებაა? საიდან მოგაქვთ. იმ დროს (პუტინის გამოსვლის დროს) რა გადაწყვიტა (ლევან დავითაშვილმა), რა არ გადაწყვიტა, სწორი იყო, არასწორი იყო, იკამათეთ რამდენიც გინდათ. ჩვენ არც ერთ ორგანიზაციას, იმის გამო რომ იქ რუსეთია, არათუ დავტოვებთ, შევეცდებით, რომ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, მათ შორის, დეოკუპაციის და ზეწოლის,"- განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, კონკრეტულად ეს ფორმატი მის მიერ ნახსენები რომელი მიზნისთვის იყო გამოყენებული, ან რა წამოიღო საქართველომ კონკრეტულად, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით, მდინარაძე პასუხობს, რომ ფორმატში მონაწილეობა ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების კონტექსტში იყო მნიშვნელოვანი.
„საქართველო ამ ფორმატიდან ყოველთვის მიიღებს ფორმატის დანიშნულებიდან გამომდინარე შედეგს, ეს არ იყო დეოკუპაციასთან დაკავშირებით გამართული ფორუმი, ეს იყო ეკონომიკური ფორმატი. იმ დღეს რა წამოიღო კონკრეტულად? - ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება არის თუ არა შედეგი, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით, არის თუ არ არის?!"- განაცხადა მდინარაძემ.