პრობლემურად მიგვაჩნია, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორების მიერ სანქცირებული პირები, თითქოს არაფერი მომხდარა, ისე აგრძელებენ ცხოვრებას ამ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ - ხალხი დაასანქცირეს, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მათ ფარად დაუდგეს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
რაც შეეხება კონკრეტულად ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებას, ონიანი ამბობს, რომ „თითქოს რაღაცას აკეთებენ, თუმცა ფაქტია, რომ ფარცხალაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა“.
„ფარცხალაძეს რომ თავი დავანებოთ, რომლის სანქცირებაც სექტემბერში მოხდა, აპრილში დაასანქცირეს ის მოსამართლეები, რომლებიც უსამართლობის სიმბოლოები არიან. თუ ავბედით, სისხლიანი 9 წლის დროს სასამართლო სისტემაში პრობლემა იყო, სწორედ ამ ხალხის გვარებთან იყო დაკავშირებული. შედეგი ფაქტობრივად არ არის - ეს ხალხი დაასანქცირეს, ღია მითითებაც იყო და დარწმუნებული ვარ, დახურულ კარს მიღმაც მიაწვდიდნენ საქართველოს ხელისუფლებას შესაბამის ინფორმაციას, მაგრამ მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ ხალხს ფარად დაუდგეს“, - განაცხადა გიორგი ონიანმა.
კითხვაზე, რატომ შეიძლება აფარებდეს ხელისუფლება სანქცირებულ პირებს ხელს, გიორგი ონიანი ამბობს, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლო, მმართველი პარტიის მიერაა მიტაცებული და ხელისუფლების ძალაუფლება სწორედ ამ კონტროლსა და ზეგავლენაზე გადის.
„მოსამართლეების სანქცირების შემთხვევაში მოკვლევაც არ დაუწყიათ. ფარცხალაძეს რაც შეეხება, ოკუპანტი ქვეყნის სამსახურში საქართველოს ინტერესის წინააღმდეგ ყოფნა ისეთი ბრალდებაა, რომ ოკუპირებულ ქვეყანას იმის ფუფუნება არ უნდა ჰქონდეს, რომ ეს თემა უყურადღებოდ მიატოვოს და ქვეყნიდან გაუშვას. მაგრამ რეალურად ხომ ვიცით, რა ხდება? ხელს აფარებენ. ისეთ პირობებში ვცხოვრობთ, როდესაც სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი მმართველი პარტიის მიერაა მიტაცებული. მმართველი პარტია აკონტროლებს ყველა ინსტიტუტს და ძალაუფლების შტოს, როგორიც სასამართლოა. სწორედ ამ კონტროლსა და ზეგავლენაზე გადის მათი ძალაუფლების მთელი ანატომია. სწორედ სასამართლოს მეშვეობით ხდება მათთვის პოლიტიკურად საჭირო გადაწყვეტილების მიღება; სუს-ისა და პროკურატურის მეშვეობით კი ხდება უკანონო თვალთვალი და ზოგიერთ შემთხვევაში, სადაც სჭირდებათ, ამ ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ფარცხალაძე, მიუხედავად იმისა, რომ ერთ თვეზე ნაკლები იყო პროკურორის სავარძელში, დიდი ხანი აკონტროლებდა და ის იყო რეალურად გადაწყვეტილების მიმღები“, - განაცხადა გიორგი ონიანმა.