არ უნდა გამოგვრჩეს, რომ უღირსი, აბსოლუტურად უადგილო შეურაცხყოფა და ბილწსიტყვაობა ოკუპაციის თემას მოჰყვა - ერთადერთი იარაღი „ქართული ოცნების“ არსენალში ბილწსიტყვაობაა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინდელი შეურაცხყოფა, რომელიც ქალი დეპუტატების მიმართ სხდომათა დარბაზიდან მოისმინა საზოგადოებამ, არ არის „ქართული ოცნების“ მხოლოდ ერთი ან ორი წარმომადგენლის მიერ „გატარებული ნარატივი“, არამედ ეს მთელი მათი პროპაგანდაა.
„მინდა გამოვეხმაურო იმ უღირს საქციელს, რაც დაფიქსირდა გუშინ, პარლამენტში, ქალთა მიმართ შეფასებებში, იმ შეურაცხყოფაში, რაც მოვისმინეთ. არ უნდა გამოგვრჩეს ყურადღებიდან, რას მოჰყვა ეს უღირსი, აბსოლუტურად უადგილო შეურაცხყოფა, ბილწსიტყვაობა. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ოკუპაციის თემას, ოჩამჩირეში მიმდინარე მოვლენებს და იმის ნაცვლად, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დაეფიქსირებინა სახელმწიფოს პოლიტიკა, სახელმწიფოებრივი მიდგომა, გადავიდა ბილწსიტყვაობაზე. გაკოტრებული ხელისუფლების ერთადერთი იარაღი მათ არსენალში არის ბილწსიტყვაობა და ეს არ არის „ქართული ოცნების“ ერთი ან ორი წარმომადგენლის მიერ გატარებული ნარატივი, ეს არის მთელი პროპაგანდა. უნდა იცოდნენ, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ამ გამოხტომის შემდეგ სრულიად შეუფერებელია თანამდებობისთვის, მაგრამ „ქართული ოცნება“ მას დაიცავს და არ გადააყენებს თანამდებობიდან, როგორც არაერთხელ გვინახავს წარსულშიც, მათ არ სურთ ძალაუფლების არაფრის ფასად დათმობა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავათმობინოთ ძალაუფლება 2024 წლის არჩევნებზე“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არათუ თავად არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ ბლოკავს ოპოზიციის ინიციატივებს და არ განიხილავს, რათა საზოგადოებამ კიდევ უფრო ცხადად არ ნახოს, როგორ უშლის მმართველი პარტია ხელს ევროპულ მომავალს.
„გაკოტრებულ ხელისუფლებას თვითონ არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, პოზიტიური როლი შეასრულოს ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მიღწევაში, შეასრულოს რეკომენდაციები და ამის ფონზე ხელს უშლის კონსტიტუციას საპარლამენტო ოპოზიციას კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებულო უფლებამოსილებების შესრულებაში და საქმის გაკეთებაში. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის საპარლამენტო ინიციატივები, რომელიც ემსახურება რეკომენდაციების შესრულებას, ყველაზე მეტჯერ არის გადავადებული, 12- ჯერ არის გადავადებული ჩვენი ერთ- ერთი ინიციატივა. მათ ეშინიათ, რომ განვიხილოთ ასეთი ინიციატივები, რომ საზოგადოებამ არ დაინახოს, რა მიზანმიმართულ უარს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს „ოცნება“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილი ასევე გამოეხმაურა კარასინი-აბაშიძის ჩანაწერს და პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვით, როდის ატყუებდა ის საზოგადოებას.
„ასევე მინდა გამოვეხმაურო კარასინის საკითხს. მაინტერესებს და მივმართავ პრემიერ-მინისტრს, მას შემდეგ რაც დაადასტურა თავად აბაშიძემ ამ ჩანაწერის ავთენტურობა, როდის იტყუებოდა: როცა ამბობდა, რომ არანაირი ფორმალური მოლაპარაკებები არ არსებობდა ფრენებზე და ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუ ახლა, როცა აღმოაჩინა საზოგადოებამ, რომ ის არის მატყუარა. და კიდევ, რა საკითხები შედიოდა სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური არხებით წარმოებული დიალოგების დღის წესრიგში?“, - განაცხადა ლილუაშვილმა.