ირაკლი ღარიბაშვილი - რეფორმები, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა, შეუქცევადს ხდის ევროინტეგრაციის პროცესს - ბოლო 10 წელში მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ, კანდიდატის სტატუსი კი უფრო მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს

ჩვენი მთავრობის ხედვაა, უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების არსებობა ქვეყანაში, რომელიც უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება და რომელიც იცავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებსა და მათ ღირსებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ციხე არის ადგილი, სადაც სწორად უნდა მოხდეს იმ დროის მართვა, რა პერიოდსაც თავისუფლებააღკვეთილი პირი გაატარებს პენიტენციურ სისტემაში.

„ჩვენ არ ვუყურებთ ციხეს, როგორც სადამსჯელო სისტემას, არამედ ეს არის ადგილი, სადაც სწორად უნდა მოხდეს იმ დროის მართვა, რა პერიოდსაც თავისუფლებააღკვეთილი პირი გაატარებს პენიტენციურ სისტემაში და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და მექანიზმების შეთავაზება, რაც დაეხმარება ადამიანს, გათავისუფლების შემდეგ ეფექტიანად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

შესაბამისად, ეს მაღალი დონის კონფერენციაც სწორედ ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებს უსვამს ხაზს. ჩვენ გვჯერა, რომ პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში ხელმისაწვდომი ადეკვატური და ეფექტიანი სარეაბილიტაციო პროგრამები არის განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციისა და მეტად უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საჭირო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები.

ძვირფასო მეგობრებო, ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, უფრო და უფრო შეუქცევადს ხდის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში მივაღწიეთ მაქსიმალურ შედეგს, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა ჩვენი ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატი ბრეგაძეს, მის გუნდს წარმატებული საქმიანობისთვის, რეფორმებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ წარმატებული დღეები“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება