მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - მოღალატეს რომ დაგიძახებენ, ეს შეურაცხყოფა არაა, პოლიტიკური შეფასებაო - ვაჟკაცობა ვისაც ეყო, ბოდიში მოიხადა, მათ კი აღიარებაც უჭირთ, შეურაცხყოფა არის თუ არა კონკრეტული საკითხი

ჩვენ მივიჩნიეთ თუ არა, რომ ეს იყო ძალიან ზედმეტი და არასწორი საქციელი, არ დაგვიმალავს, არ დაგვიფარავს და არ დაგვიწყია ჩვენი თანაგუნდელის დაცვა იმ რამდენიმე ფრაზასთან დაკავშირებით, რომელიც არ მოგვეწონა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ირაკლი ბერაიას მიერ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებზე კომენტირებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ირაკლი ბერაიას ეყო ვაჟკაცობა, რომ ერთ საათში ბოდიში მოიხადა სახალხოდ“.

„ჩვენ მივიჩნიეთ თუ არა, რომ ეს იყო ძალიან ზედმეტი და ეს არ იყო სწორი საქციელი, არ დაგვიმალავს, არ დაგვიფარავს და არ დაგვიწყია ჩვენი თანაგუნდელის დაცვა იმ რამდენიმე ფრაზასთან დაკავშირებით, რომელიც არ მოგვეწონა, დავგმეთ ეს ამბავი. მას ეყო იმის ვაჟკაცობა, რომ გამოვიდა ერთ საათში და ბოდიში მოიხადა სახალხოდ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ შეუძლია ერთმანეთისგან განასხვაოს, თუ რა არის შეურაცხყოფა და რა - არა.

„მათ ბოდიშის მოხდა და ღირსეული საუბარი არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ განასხვაონ, რა არის შეურაცხყოფა და რა - არა. დღეს შეკამათება რომ იყო, მითხრეს „მოღალატე“ რა შეურაცხყოფააო. მათთვის არ არის შეურაცხყოფა, მაგრამ ნორმალური ადამიანისთვის არის. სამშობლოს მოღალატეს რომ დაგიძახებენ, რაც არ უნდა საშინელებები ეძახო ადამიანს, მოღალატე ყველაზე მძიმე შეურაცხყოფაა. ეს შეურაცხყოფა არაა, ეს არის პოლიტიკური შეფასებაო. მათთვის არის პოლიტიკური შეფასება, მაგრამ ნორმალური ქართველისთვის, ვისაც ოდნავ მაინც სამშობლოს განცდა და სიყვარული აქვს, ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არის. ანუ შეურაცხყოფის ფორმულაზე ვერ ვთანხმდებით და სხვა რაზე შევთანხმდებით? ღირსება და ვაჟკაცობა ვისაც ეყო, ბოდიში მოიხადა და მათ აღიარებაც კი უჭირთ, შეურაცხყოფა არის თუ არა კონკრეტული საკითხები. ჩვენი განსხვავება სწორედ ამაშია“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს