წინასწარ იყო დაგეგმილი. კონკრეტულ საკითხებში, ბერაია როლებში შეიჭრა - მისი მოადგილეა თეონა აქუბარდია, რომელიც მას კვალიფიკაციითაც სჯობს, კომუნიკაციებითაც და პარტნიორებთან კონტაქტებითაც, ეს ვერ აიტანა ბერაიამ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
როგორც სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ იმაზე მეტი თქვა, ვიდრე მისი თანაგუნდელები ელოდნენ.
დეპუტატის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მიზანმიმართულად, სუს-ის მეთოდებით, პერსონალური ინფორმაციით, კონკრეტული საკითხების მანიპულაციით, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების დისკრედიტაცია.
„ქართულმა ოცნებამ“ განსაკუთრებული წინააღმდეგობა დაინახა მარტის აქციების დროს. მაშინ „ოცნებამ“ დაიწყო კამპანია, თუ როგორ დაკარგეს სახე პარლამენტარმა ქალმა დეპუტატებმა. სამაგიეროს გადახდა დაიწყო ქალ დეპუტატებზე, სწორედ ამ კამპანიით: „სახე დაკარგეთ“ „კდემამოსილება დაკარგეთ“ „თქვენ არ ხართ ქართველი ქალები“... მათ დაინახეს, რომ ჩვენი მხრიდან უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც უნდა ელოდონ და დაიწყეს ეს კამპანია. ამან ჩვენზე ვერ იმოქმედა, დავცინოდით. ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს მიზანმიმართულად, სუს-ის მეთოდებით, პერსონალურად, პერსონალური ინფორმაციით, კონკრეტული საკითხების მანიპულაციით დისკრედიტაცია.
წინასწარ იყო დაგეგმილი. კონკრეტულ საკითხებში, ბერაია როლებში შეიჭრა. მისი მოადგილეა თეონა აქუბარდია, რომელიც მას კვალიფიკაციითაც სჯობს, კომუნიკაციებითაც და პარტნიორებთან კონტაქტებითაც. ეს ვერ აიტანა ბერაიამ და როლში შევიდა, იმაზე მეტი თქვა, ვიდრე მისი თანაგუნდელები ელოდნენ. ამიტომ მცირე შოკი იგრძნობოდა“, - განაცხადა სამნიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა პირადი საუბარი თეონა აქუბარდიასთან.
„თეონასთან და ჩემთანაც რამდენიმე დეპუტატი მოვიდა. პირად საუბრებში თქვეს, რომ ცუდია და ა.შ. ბერაიამ მიზანმიმართულად, დავალებით, დაწერილი ტექსტით ტალახი ესროლა კონკრეტულ ქალს და ამით სხვა ქალებსაც თითი დაგვიქნიეს და გვითხრეს, რომ შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეთ ამ მდგომარეობაში.
როდესაც ჩემთან მოდის, ან ბატონი ანრი ოხანაშვილი, ან რომელიმე დეპუტატი და შეწუხებული მელაპარაკება ამაზე, ეს არაფერს ნიშნავს“,- განაცხადა სამნიძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებს, სამნიძის თქმით, ისინი პრობლემას ვერ ხედავენ.
„ვერცერთი ქალი დეპუტატი ვერ გაბედავდი მოსვლას, იმიტომ, რომ არსებობს გენდერული საბჭო, რომელსაც „ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს და ვერ ხედავს პრობლემას. დღეს გენდერული საბჭო იყო და მას არ უმსჯელია ამ პრობლემაზე და აქეთ გვიბრუნებს: „აბა თქვენ რომ ასე იქცევით?“,- აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, სამნიძემ ისაუბრა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც, რომ ოპოზიციური პარტიებიდან კონკრეტული პირები ევროპელ პარტნიორებს სთავაზობდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადებას.
სამნიძის თქმით, მისი განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან ერთიანი გზავნილი ისმის.
„მე არ ვიყავი პირველი. აპრილში ქალბატონი ანალენა ბერბოკი რომ იყო ჩამოსული, მაშინ არაერთმა პარტიამ, მათ შორის, „ლელომაც“ გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიციაში არიან პირები, ვინც კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგებაო. არაფერი ახალი არ მითქვამს. ეს საკითხი პერიოდულად აქტიურდება და ვაჟღერებთ ამ თემას, რომ იქნება ეს კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები დროზე დაფიქრდნენ.
მე არ ვასახელებ პარტიებს, არც პიროვნებებს, ვამბობ, რომ საუბარია იმაზე, პარტიის დეკლარირებული პოზიციისგან განსხვავებით, კონკრეტული ფიგურები დახურულ კარს მიღმა სხვა გზავნილებს აჟღერებენ. თუმცა, ამ განცხადებების შემდეგ, როგორც მე ვიცი, ოპოზიციის მხრიდან ერთიანი გზავნილი ისმის, რასაც მივესალმები. ჩათვალეს, რომ ბოლო ერთი კვირა მაინც შეეწყვიტათ განსხვავებული „მესიჯები“, - განაცხადა სამნიძემ.