დმანისი განსაკუთრებით „ველური დასავლეთივით“ გადაიქცა, კრიმინალურ ეპიზოდებს ხშირად ვხედავთ და გვესმის, - ასე შეაფასა თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე, საბა ბუაძემ დმანისში მომხდარი ინციდენტი, როდესაც დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მანქანას ესროლეს.
როგორც საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, დმანისში წინა არჩევნებზეც რთული ვითარება იყო, რასაც შესაბამისი რეაგირება სჭირდება.
„ბუნებრივია, ამას შესაბამის რეაგირება სჭირდება, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან ამ რეაგირების იმედი ნამდვილად არ მაქვს იმიტომ, რომ ხელისუფლება არის ამ ძალადობის მთავარი წამახალისებელი. ახლა, ალბათ, „ქართული ოცნება“ ეცდება, რომ რაღაც ფორმალური პროცესი დაიწყოს. რასაც არ გააკეთებს ზუსტად ვიცი, მკაცრად არ დასჯის იმ პირებს, რომლებიც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არიან. რაც მთავარია, თვალს დახუჭავს პოლიტიკურ კონტექსტზე“, - განაცხადა ბუაძემ.
მისი შეფასებით, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ ტონიდან, რომელსაც პოლიტიკურ პროცესს ხელისუფლება აძლევს.
„ცხადია, ეს ძალადობრივი რიტორიკა პირდაპირ ხელისუფლებისგან არის მომდინარე და ხელისუფლების მხრიდან არის წახალისებული. როდესაც ხედავენ პარლამენტში ატეხილ ცემა-ტყეპას, გინებას, უკვე ქალების შეურაცხყოფასაც აღარ ერიდებიან, ძალიან ამაზრზენი და სამარცხვინო განცხადებები გვესმის, ეს მოქმედებს მერე თითოეულ ჩვენგანზე. პირველ რიგში იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კონკრეტული დანაშაულის ჩადენისთვის არ დაისჯებიან იმიტომ, რომ როდესაც მათი ხელისუფალი, როლისთვისაც ისინი საარჩევნოდ მუშაობენ, ასეთი რიტორიკით წარმართავს პოლიტიკურ პროცესს, მერე ასეთი მძიმე ფაქტი ხდება“, - განაცხადა ბუაძემ.
მისი თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობა ძალიან ცუდად მოუბრუნდება ხელისუფლებას.
„ხელისუფლებაში უნდა იცოდნენ, რომ არავის ეშინია მათი საბჭოთა მეთოდების და ამ სამარცხვინო, ძალიან უღირსი პოლიტიკური ანგარიშსწორების“, - განაცხადა ბუაძემ.
რაც შეეხება არჩევნებს, საბა ბუაძის განმარტებით, დღეს ვერ ხედავს იმას, რომ საზოგადოების მოთხოვნა იყოს ერთი ადამიანის და ერთი ჯგუფის მიმართ დაჯგუფება.
„პირიქით, ამომრჩევლის მოთხოვნა არის მრავალფეროვნება და ჩვენ ეს მრავალფეროვნება უნდა შევთავაზოთ. მრავალფეროვნება გულისხმობს სოლიდურ, ძლიერ რამდენიმე ალტერნატივას და ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა „ლელო“ აუცილებლად იქნება“, - განაცხადა ბუაძემ.