დამატებითი რესურსების მობილიზებაზე გაკეთდა აქცენტი. გავაანალიზეთ საბანკო სექტორში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები და გამოიკვეთა, რომ 2024 წელს ჩვენ დამატებით შეგვეძლება 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო-საფინანსო სექტორიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ბოლო სამ წელში საჯარო მოხელეების ხელფასი 30%-ით, ხოლო ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასი 45-50%-ით გაიზარდა.
„2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად გვქონდა 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი, სადაც გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა ყველა მიმართულებით, მათ შორის, პენსიების ზრდა და შეგახსენებთ, რომ პენსიები გაიზარდა - მაღალმთიან რეგიონში 70 წლის ზემოთ იქნება 500 ლარამდე და 70 წელს ქვემოთ 400 ლარამდე. საჯარო მოხელეებს 2024 წელს გაეზრდებათ ხელფასი და 10%-იანი ზრდა არის ჩადებული.
ბოლო სამ წელში 30%-ით გაიზარდა ყველა საჯარო მოხელის ხელფასი და მათ შორის, პოლიციელების და ჯარისკაცების, 45-50%-იანი ზრდა გვაქვს 3 წელში. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ 400 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება განათლების დაფინანსება მომდევნო წელს.
დამატებით რესურსების მობილიზებაზე გაკეთდა აქცენტი, გავაანალიზეთ საბანკო სექტორში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები და გამოიკვეთა, რომ 2024 წელს ჩვენ დამატებით შეგვეძლება 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო-საფინანსო სექტორიდან. ვითვალისწინებთ მათ მოგებას და ეს დაკვირვება გაგრძელდება და ვნახავთ, კიდევ რა რესურსი შეიძლება გამოინახოს. ე.ი. 300 მილიონი ლარი დამატებით მოგვაქვს საბანკო-საფინანსო სექტორიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.