საპარლამენტო ოპოზიცია მათ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად და დაუსაბუთებლად შეფერხებაზე საუბრობს და აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის მიღებას ითხოვს.
ოპოზიციის ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 72 კანონპროექტიდან 57 დღემდე არ განხილულა, საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გადავადება რიგ შემთხვევებში, 11-ჯერ და 12-ჯერაც კი მოხდა.
ოპოზიცია ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ უმრავლესობა მათ კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული საკონტროლო უფლებამოსილებების გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევს, მათ შორის ბლოკავს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ოპოზიციამ შემდეგი შინაარსის რეზოლუციის მიღებას ითხოვს:
„საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით საქართველო არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, რაც უზრუნველყოფს ყველას უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში აუცილებელია პარლამენტი განიხილავდეს ოპოზიციის ინიციატივებს და ხელს უწყობდეს პარლამენტის წევრებს შორის დისკუსიას. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა უნდა გამოხატონ შეხედულებები და გააჩნდეთ უფლებამოსილება ხალხის ნება აღასრულონ კანონშემოქმედებისა და კონტროლის გზით. საპარლამენტო ტრიბუნიდან როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე საპარლამენტო ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ამომრჩევლებამდე მიიტანოს საკუთარი შეხედულებები. კანონპროექტების განხილვის პროცესში პარლამენტის წევრებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი არგუმენტები და აჩვენონ ამომრჩეველს ხედვებს შორის განსხვავება.
ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტები სისტემატურად მიმართავენ პარლამენტის ბიუროს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით. საქართველოს პარლამენტის ბიურო სისტემატურად იღებს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, რითაც შეგნებულად აფერხებს კანონშემოქმედებით პროცესს.
საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის მიერ მრავალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისა, მათი განხილვა იშვიათად ხდება.
გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა არ აძლევს ოპოზიციას შესაძლებლობას შეუფერხებლად გამოიყენოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული საკონტროლო უფლებამოსილებები, მათ შორის, ბლოკავს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას.
საქართველოს პარლამენტის მიერ მე-10 მოწვევის განმავლობაში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 72 კანონპროექტიდან 57 დღემდე არ განხილულა. კანონპროექტების განხილვის გადავადება კომიტეტებმა რამდენჯერმე მოითხოვეს. რიგ შემთხვევებში, 11-ჯერ და 12-ჯერაც კი მოხდა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გადავადება. ოპოზიციის 10 საკანონმდებლო ინიციატივა ორ წელზე მეტია, რაც არის დარეგისტრირებული და ჯერაც არ განხილულა.
განუხილველად დატოვებულ კანონპროექტებს შორისაა სოციალური, სამართლებრივი, საგადასახადო საკითხები და საზოგადოებისთვის სხვა აქტუალური ინიციატივები.
ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი აცხადებს:
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა უზრუნველყონ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების დროულად განხილვა;
საქართველოს პარლამენტის ბიურომ მაღალი დასაბუთების სტანდარტით მიიღოს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე განხილვის გადავადების შესახებ;
საქართველოს პარლამენტის ბიურომ უზრუნველყოს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში დროულად შეტანა;
საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმები საპარლამენტო კონტროლში ოპოზიციის მონაწილეობის გასაძლიერებლად;
საქართველოს პარლამენტმა შეიტანოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები, რითაც აღიკვეთება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განუხილველად დატოვების პრაქტიკა;
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ყოველი სესიის განმავლობაში ერთხელ შეისწავლოს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის საკითხი. ამ მიზნით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგები წარუდგინოს პარლამენტის პლენარულ სხდომას“, - ნათქვამია პარლამენტის რეზოლუციის პროექტში.