საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიულ დღესასწაულს - დიპლომატის დღეს აღნიშნავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„3 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიულ დღესასწაულს - დიპლომატის დღეს აღნიშნავს. ეს არის დღე, როდესაც შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ გამოვხატოთ, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ და საქართველოს რეპუტაციას განამტკიცებენ.
მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, ჩვენს დიპლომატებს მართლაც უდიდესი მისია აკისრიათ. საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით განსაზღვრულია ისეთი მიზნების მიღწევა, როგორიცაა ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება, სუვერენიტეტის აღდგენა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რაც აღნიშნული მიმართულებებით სათანადო დიპლომატიური ძალისხმევის განხორციელების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს შეუქცევადს გახდის. საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების კოორდინირებულ მოქმედებასთან ერთად, ამ პროცესში განსაკუთრებულ დატვირთვას ჩვენი უწყებისა და დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართულობა იძენს.
დღეს ჩვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. ქართული დიპლომატიის როლი იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია, დიდია.
დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან ერთად, მომავალშიც წარმატებით გაართმევს თავს დასახულ ამოცანებს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებაში.
თითოეულ თქვენგანს გულითად მადლობას ვუხდი გაწეული სამსახურისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი თავდადება და ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, წარმოჩენისა და გაძლიერების საქმეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.