საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და 9 კაციანი შემადგენლობით საქართველოს ეროვნული პრემიის კომისია დაამტკიცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიამ 3 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად საკონკურსო პირობები დაადგინა და კონკურსი გამოაცხადა.
კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს.
„საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა, ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული - ათი ათასი ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაშრომები მიიღება 2023 წლის სამი ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისამართზე: თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114, ასევე ელექტრონულად, მისამართზე: info@president.gov.ge.