თინა ხიდაშელი - თუ უკრაინა და მოლდოვა შემდეგ ეტაპზე გადავლენ და ჩვენ სტატუსიც არ გვექნება, მივიღებთ 2004 წელს საქართველოსთვის - ორი საფეხურით ჩამორჩენა კატასტროფაა და ეს არავინ უნდა დავუშვათ

იმ პირობებში, თუკი უკრაინა და მოლდოვა შემდეგ ეტაპზე გადადიან და ჩვენ სტატუსიც არ გვაქვს, დამიჯერეთ, ძალიან სამწუხარო რამეს ვიტყვი, მაგრამ ეს იქნება 2004 წელი საქართველოსთვის, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში’ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„სამი ფაქტორის გამო ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც კი შეგვიძლია, სადაც კი ხმა მიგვიწვდება და ვისთანაც რამე გვეთქმის, რომ საქართველომ დეკემბერში სტატუსი მიიღოს. პირველი, ეს არის სამოქალაქო მშვიდობა იმიტომ, რომ ყველაზე მეტად, რაც არ მინდა საქართველოში ვნახო არჩევნების წინ, ეს არის მორიგჯერ ქუჩა და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ პროცესი აქამდე მიიყვანოს, იმიტომ, რომ მან იცის, ასეთ შემთხვევაში, ყველაზე მაღალი შანსი აქვს გამარჯვებული გამოვიდეს. მარტის მოვლენების დროს ამ პროცესის სათავეში არცერთი პოლიტიკური პარტია არ ყოფილა, ამიტომ, საქართველოში დღეს, ევროკავშირს და საქართველოს ევროპულ მომავალს რაც შეეხება, ამ თემებზე მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას მობილიზებისთვის ოპოზიციური პარტიები არ სჭირდება.

მეორე ფაქტორი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ საარჩევნოდ ჩარევა რუსეთის მხრიდან არ მოხდეს, მაშინ როდესაც ისეთი ქვეყანაც კი, როგორიცაა კანადა, ისიც საუბრობს რუსეთის ჩარევაზე საარჩევნო პროცესებში. ამისგან დასაცავად ჩვენ ევროკავშირის ფარი გვჭირდება.

მესამე - იმ პირობებში, თუკი უკრაინა და მოლდოვა შემდეგ ეტაპზე გადადიან და ჩვენ სტატუსიც არ გვაქვს, დამიჯერეთ, ძალიან სამწუხარო რამეს ვიტყვი, მაგრამ ეს იქნება 2004 წელი საქართველოსთვის. 2004 წელს ფანჯარა გაიღო, ბალტიისპირეთის ქვეყნები გაწევრიანდნენ, სრული ინტეგრაცია მოხდა და ჩვენ დავრჩით გარეთ, მიუხედავად იმისა, რომ „ვარდების რევოლუცია“ უკვე მომხდარი იყო, მაგრამ, რეფორმების თვალსაზრისთ ვერ მოესწრო, რომ იმ გაღებულ ფანჯარაში შევმხტარიყავით. ახლა ჩვენ ვდგავართ ამ საფრთხის წინაშე, ამიტომ, თუ ორი საფეხურით ჩამოვრჩით „ტრიოს“ დანარჩენ ორ ქვეყანას, ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა. ვფიქრობ, რომ ეს არავინ უნდა დავუშვათ. ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ დაგვემართოს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მან, ასევე, ისაუბრა საარჩევნოდ ოპოზიციის აქტიურობისა და ამომრჩევლებზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ყველაზე მთავარი და განმსაზღვრელი არის პოზიციური პოლიტიკის მოქმედება.

„გვაქვს „ვარდების რევოლუციის“ მაგალითები, როდესაც ორივე ჯერზე ხელისუფლება იყო სუპერმობილიზებული, ყველა მექანიზმი სახეზე იყო, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და ვერ მოიფიქროს, მაგრამ განწყობამ, მოსახლობაში გამარჯვების რწმენამ, რომელიც ოპოზიციურმა მოძრაობამ შექმნა, ყველა საფრთხე გადასძალა. ნიჰილიზმთან და სახელისუფლებო მანიპულაციებთან ბრძოლის მექანიზმი არის გამარჯვების განწყობის გაჩენა ქვეყანაში. დღეს საქართველოს პოლიტიკური კატასტროფის მთავარი მიზეზი არის ის, რომ იმედი აბსოლუტურად დაკარგული აქვს, მათ შორის მოტივირებულ ოპოზიციურ ამომრჩეველსაც. ადამიანებმა, რომლებმაც იციან, რომ აუცილებლად რომელიმე ოპოზიციურ პარტიას უნდა მისცენ ხმა, ყველას ეს მოტივაცია, გამარჯვების იმედი დაკარგული აქვს იმიტომ, რომ არავითარი ოპტიმისტური მოძრაობა ოპოზიციურ ფლანგზე არ ჩანს, ეს იქნება კოლექტიური, ინდივიდუალური პარტიები თუ სხვა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეეხება, რადგანაც მათთან მიმართებაში არავითარი ხედვები და ილუზიები არ აქვს, რადგანაც ეს არის სტაბილურ ამომრჩეველზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც ამომრჩეველთან მუშაობას გააგრძელებს ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ და ამიტომ მათ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია. ხიდაშელი თქმით, კითხვები არის დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან მიმართებაში, რას შესთავაზებენ ამომრჩეველს.

„მე არ ვიცი, ელენე ხოშტარიას და ზურა ჯაფარიძის აქტიურობა რას ნიშნავს, მაგრამ თუ ეს mona.ge-ს ნიშნავს, ეს არ არის იმ ტიპის აქტიურობა, რომელიც საზოგადოებას ოპტიმიზმის და გამარჯვების საფუძველს მისცემს. რა თქმა უნდა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება არის ხელისუფლების ნაკლოვანებები, დანაშაულის მხილება, მაგრამ ის თუ პოზიტიურ საარჩევნო კამპანიასთან ერთად პარალელურად არ მიდის, მას ხმები, ოპტიმიზმი და გამარჯვება არ მოაქვს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის