რუსეთი მტერია, ოკუპანტი და მკვლელია!, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობას.
აღნიშნულის შესახებ ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომ გარდაიცვალა ერთი მოქალაქე და ერთიც დააკავეს - რეალურად მოკლეს და გაიტაცეს! საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა. ასევე, გატაცებულია ერთი ადამიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ. რუსეთი მტერია, ოკუპანტი და მკვლელია!“, - წერს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.
შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.