გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხეების შემცირების ნაცვლად, რისკები გაზარდა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოდიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტებს ეხმაურება და მოკლულის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

გიგა ბოკერიას განცხადებით, მკვლელობაზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო ძალები საქართველოში, ხოლო მისგან მომავალი საფრთხეების სრულად განეიტრალება მხოლოდ ქვეყნის სრული დეოკუპაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა დღევანდელ პირობებში ოკუპანტისგან მომავალი საფრთხეების შესამცირებლად ყველა ლეგიტიმური პოლიტიკური და უსაფრთხოების ინსტრუმენტის გამოყენება.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ამ მიმართულებით ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს რისკები გაზარდა, საფრთხეების შემცირების ნაცვლად.

"ამ ხელისუფლების პირველივე ნაბიჯი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმებით განლაგებული საპოლიციო ძალების დაშორება და მათი რაოდენობის შემცირება, დღემდე უმძიმესი შედეგების მომტანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამის მაგალითია 2016 წელს გიგა ოთხოზორიას მკვლელობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც უწინ ქართული საპოლიციო ძალები იყვნენ განლაგებული.

ამ წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებას, რეალურად, არ უზრუნია საერთაშორისო წნეხის მობილიზებაზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ქართულ მხარეს დანაშაულის ყველა მტკიცებულება ხელში ეჭირა და დამნაშავეებიც იდენტიფიცირებული ჰყავდა, ხოლო მათ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ღიად და უტიფრად აფარებდა ხელს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამ წლების განმავლობაში არ გამოუყენებია არცერთი პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ დიპლომატიური ინსტრუმენტი ამ რისკების შესამცირებლად.

„ევროპული საქართველოს ინიციატივა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შესახებ სწორედ ამ ამოცანას ემსახურებოდა, თუმცაღა მალევე ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება არ აპირებდა ამ ინსტრუმენტის გამოყენებას დამნაშავე პირებისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რასაც გარდა კონკრეტულ დანაშაულზე სამართლიანობის უზრუნველყოფისა, პრევენციული ეფექტი ექნებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის მომავალი საფრთხეების შესამცირებლად.

ევროპული საქართველო ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების შემდეგ დეოკუპაციის საბოლოო ამოცანის მიღწევამდე, გააკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენს მტერს და მისი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში, ქართული მხარე გამოიყენებს ყველა ეფექტურ ინსტრუმენტს, რათა რუსეთის ფედერაციას რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს ამგვარი ქმედებები, ხოლო კონკრეტული დამნაშავეები მათ გასამართლებამდე, მუდმივი დევნის სამიზნე იყვნენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს