მივმართავ სუს-ს, ჩვენ მოგვიკლეს პატრიოტი ადამიანი და არა გარდაიცვალა, გატაცებული ჰყავთ ახალგაზრდა ბიჭი და არა დაკავებული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოფელ კირბალში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი რეაგირება იქნება, რომ მყისიერად ჩვენი პარტნიორების დახმარებით, იმ პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენება და დახმარება, ვისაც ყოველდღიურად ლანძღავს და აგინებს „რუსული ოცნება“.
„რუსეთი არის ოკუპანტი, პუტინი არის ტერორისტი და კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე მოკლეს და ერთი ახალგაზრდა ადამიანი გაიტაცეს. რუსეთს ცხადია საქართველოში არ უნდა მშვიდობა. თუ ვინმეს საქართველოში აღიზიანებს მშვიდობა და არ უნდა, არის რუსეთი. თუ ვინმე კლავს, არის რუსეთი. თუ ვინმე არის საქართველოს მტერი, არის პუტინის რუსეთი და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ მუდმივად არ ვიყოთ დაზაფრულები და ასეთ ამბავს არ ვიგებდეთ, სადაც კიდევ ერთი საქართველოს პატრიოტი, 2008 წლის ომის მონაწილე მოგვიკლეს მიზანმიმართულად ოკუპანტებმა, უკნიდან, ზურგში სროლით, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს - საქართველოს უსაფრთხოების, სადაც არ ვიქნებით დაზაფრულები, სადაც საქართველოს მოქალაქე დაიძინებს მშვიდად, სადაც საქართველოს მოქალაქეს ზურგში არ ესვრიან მაშინ, როცა მამის საფლავზე და სალოცავზე გავა. დღეს ჰქონდა ასეთ შემთხვევას ადგილი, საკუთარი სახლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ზურგში სროლით მამის საფლავიდან, სალოცავიდან წამოსული ადამიანი მოკლეს, საქართველოს პატრიოტი. ერთადერთი გამოსავალი გვაქვს, ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი, ევროკავშირის წევრობა, საქართველოს უსაფრთხოება არის ევროკავშირში და ნატო-ში, სხვანაირად საქართველოში ვერ იქნება მშვიდობა, რადგან ყოველდღიურად აწიოკებენ ჩვენს მოქალაქეებს.
ის, რომ თბილისის გარკვეულ უბნებში მშვიდად სძინავს საქართველოს მოქალაქეს, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დებს, ძმებს, ჩვენს თანამოქალაქეებს არ აწიოკებენ საოკუპაციო ხაზის მიდამოებში, რომ მათ არ უშლიან მამაპაპისეულ მიწაზე გადაადგილებას და საფლავებთან მიახლოებასაც კი. მე შეძრული ვარ რაც წავიკითხე, ვგულისხმობ სუს-ის განცხადებას, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური კი არა, რუსეთის სპეცსამსახურების განცხადება იყო, სადაც ეწერა, რომ „გარდაიცვალა და დააკავეს“, მოკლეს და გაიტაცეს- ეს არის სწორი. მივმართავ სუს-ს, ჩვენ მოგვიკლეს პატრიოტი ადამიანი და არა გარდაიცვალა და გატაცებული ჰყავთ 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი და არა დაკავებული. წარმოუდგენელია რუსული პირით საუბრობდეს საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთობა, ერთმანეთის გვერდით დგომა, კიდევ რამდენი მსხვერპლი უნდა იყოს, რომ კარგად გავიაზროთ, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მეგობარი, რომ რუსეთი არ არის ის, ვისთანაც შეიძლება მეგობრობა. ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ მივაღწიოთ მშვიდობას და ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, დიახ, გვინდა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები მშვიდად დადიოდნენ სალოცავებში, მამის საფლავზე და ზურგში არ ესროდნენ. დიახ, ჩვენ გვინდა მშვიდობა და მშვიდობა რომ გვინდა, ამიტომ გვინდა ევროკავშირში, ნატო-ში და ცალკე რუსეთთან როცა მარტო ვრჩებით, გინდ „ბაბაია“ ეძახოს ბიძინა ივანიშვილმა და რუსულმა ხელისუფლებამ, რაც უნდათ ის ეძახონ, ფაქტია, რომ ჩვენ მოგვიკლეს კიდევ ერთი საქართველოს პატრიოტი მოქალაქე და გატაცებული ჰყავთ ახალგაზრდა ადამიანი. ერთადერთი რეაგირება იქნება, რომ მყისიერად ჩვენი პარტნიორების დახმარებით, იმ პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენება და დახმარება, ვისაც ყოველდღიურად ლანძღავს და აგინებს „რუსული ოცნება“.
ჩვენი უსაფრთხოების გასაღები არის ევროკავშირში და ნატო-ში, ამისთვის საქართველოს მოქალაქეებს, ყველას მოვუწოდებ, რომ გადადეთ ყოველგვარი პარტიული კუთვნილება და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის გავერთიანდეთ, ჩვენი უსაფრთხოების გასაღები არის ევროკავშირში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.