მამუკა მდინარაძე - თამაზ გინტურის  მკვლელობა არის უმძიმესი დანაშაული, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ოკუპანტ მხარეს ეკისრება - პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ის პოლიტიკური ძალა, ვინც თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით რუსეთს ქვეყანაში ოკუპაციის საშუალება მისცა

დღეს ტრაგედიით სარგებლობას ის ხალხი ცდილობს, ვინც უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, ვინც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა - კოლექტიური ნაცმოძრაობა ბედავს ამ თემაზეც სხვისკენ გაიშვიროს ხელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.

მდინარაძის თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობა არის უმძიმესი დანაშაული და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ ერთი უმძიმესი შედეგი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ოკუპანტ მხარეს ეკისრება ამასთან, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც რუსეთს „ოკუპაციის საშუალება მისცა და ტერიტორიები გადაუფორმა“.

„ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და ახლობლებს! მისი მკვლელობა არის უმძიმესი დანაშაული, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ ერთი უმძიმესი შედეგი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ოკუპანტ მხარეს ეკისრება!

პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ის პოლიტიკური ძალა, ვინც თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციის საშუალება მისცა და ტერიტორიები გადაუფორმა.

დღეს ამ ტრაგედიით სარგებლობას ის ხალხი ცდილობს, ვინც ეს უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, ვინც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა.

მათი უამრავი გაფუჭებული გამოვასწორეთ, დამალული მტკიცებულებების და შეგნებულად არასწორად ნაწარმოები საქმეების მიუხედავად ჰააგაც მოვიგეთ და სტრასბურგიც, თუმცა ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი, წინა ხელისუფლების მიერ და დროიდან დატოვებული უდიდესი პრობლემა - რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი უმძიმესი შედეგები. კოლექტიური ნაცმოძრაობა კი ბედავს ამ თემაზეც სხვისკენ გაიშვიროს ხელი!..

საქართველო ყველა არსებულ და შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, რომ დამნაშავეებმა სათანადოდ აგონ პასუხი!“, - წერს მდინარაძე.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, "2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე".

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა