„ოცნება“ სახელს ვერ არქმევს იმ ყველაფერს, რაც რუსეთის მხრიდან ჩვენ მიმართ ხდება, სახელს ვერ არქმევს იმ აგრესიას, რასაც რუსეთი ჩვენ მიმართ ახორციელებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
აღნიშნულით ის სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც უწყება თამაზ გინტურის მკვლელობას „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაცვალებას“ უწოდებს. დაუშვილის თქმით, „ოცნება“ თავისი არაგონივრული და არაპრაგმატული პოლიტიკით, რუსეთთან მარტო და პირისპირ გვტოვებს.
„რუსეთი გარდა იმისა, რომ მტერი და ოკუპანტია, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას აგრძელებს. ეს ოკუპაცია გრძელდება, ეს გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, უნდა ველოდოთ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მომავალში კიდევ უფრო მეტი ინტენსივობითაც გაგრძელდეს. სახელი რატომ ვერ დაარქვეს? ჩემი აზრით, ეს ჩვენს მოქალაქეებს გადასარევად ესმით, „ოცნება“ სახელს ვერ არქმევს იმ ყველაფერს, რაც რუსეთის მხრიდან, რაც ჩვენ მიმართ ხდება, იმ აგრესიას, რასაც რუსეთი ჩვენ მიმართ აკეთებს. ამ მძიმე დროში, როცა ასეთ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, როცა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და რას აკეთებს იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან, დეოკუპაცია მოხდეს? ამის ერთადერთი საშუალებაა, ერთი, ჩვენ გავძლიერდეთ და მეორე, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით და თანადგომით, ჩვენი მეგობრები არიან შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. მთავარი პრობლემაა იმაში, რომ „ოცნება“ თავისი არაგონივრული და არაპრაგმატული პოლიტიკით, მარტო და პირისპირ გვტოვებს რუსეთთან. რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა იმას ნიშნავს, რომ ვერც სახელს დაარქმევ მსგავს შემთხვევებს, ვერც რეაგირებას მოახდენ და ვერც საკუთარ თავს და შენს მოქალაქეებს დაიცავ.
განსაკუთრებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, „ოცნებამ“ არათუ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არამხოლოდ ოკუპაცია, მთლიანად ჩვენი ქვეყანა იყოს ნომერი ერთი თუ არა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პრიორიტეტებში. უფრო მეტიც, წარმოიდგინეთ, წელიწადზე მეტია, ჩვენი მთავარი მოკავშირეების ლანძღვა-გინებით არიან დაკავებული, ხან ელჩების დისკრედიტაციას ცდილობენ, ხან მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების დისკრედიტაციას, ხან იმას გვაბრალებენ, რომ გლობალური ომის პარტია ჩვენი ომში ჩართვას ცდილობს, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ქვეყნებისთვის როგორ შეიძლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ვიყოთ? იმის გამო, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ და თავიანთი კეთილდღეობა არ დაკარგონ, ქვეყანა მეორე პლანზე გადაიტანეს და ჩვენს მთავარ მეგობრებს დაგვაშორეს, მეგობრებთან დაშორება იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ისე დაგვჩაგრავს, ვერაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა დაუშვილმა.