გაეროს სპეციალური მომხსენებელი - საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და სახელმწიფო მათი საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობს - ეს ფაქტი განგაშის ზარებს უნდა რეკავდეს ხელისუფლებისთვის

საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და რომ სახელმწიფო აქტიურად ცდილობს მათი საქმიანობის დისკრედიტაციას და მათი რისკის წინაშე დაყენებას - ეს ფაქტი განგაშის ზარებს უნდა რეკავდეს ნებისმიერი იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მისი პრიორიტეტია, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

როგორც ლოლერი აღნიშნავს, მისი ვიზიტის განმავლობაში შემაშფოთებელი შემთხვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, თუმცა ეს პრობლემები არ არის შეუქცევადი.

„როდესაც საქართველოში ჩემი ვიზიტი დავიწყე, გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ მოჩვენებითი ღიაობით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შენიღბოს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მათი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის ძირგამომთხრელი სისტემური ძალისხმევა. მე სიამოვნებით მივიღებ გამოწვევას და მოვისმენ საპირისპირო არგუმენტებს ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, ჩემს ამ, საკმაოდ დასაბუთებულ წუხილს იზიარებს მრავალი ის ადამიანი, რომლებთანაც შეხვედრა მქონდა ამ ვიზიტის ფარგლებში და სწორედ ამის გამო, ეს მიგნება ერთ-ერთი ძირითადია ჩემს საწყის ანგარიშში.

მრავალი ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი აღნიშნავს, რომ მათი აზრით, სახელმწიფო არ ზრუნავს არც მათი საქმიანობის ხელშეწყობაზე და არც მათი უსაფრთხოების დაცვაზე. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არ არის მათი საქმიანობისთვის ხელშემწყობი გარემო. უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და რომ სახელმწიფო აქტიურად ცდილობს მათი საქმიანობის დისკრედიტაციას და მათი რისკის წინაშე დაყენებას.

ხელისუფლებისთვის შეიძლება მიუღებელია ის, რომ ადამიანებს აქვთ ამგვარი წუხილის საფუძველი, თუმცა, უდავოა ისიც, რომ ამ განცდას იზიარებს ქვეყნაში მომუშავე ადამიანის უფლებათა მრავალი დამცველი. ეს ფაქტი განგაშის ზარებს უნდა რეკავდეს ნებისმიერი იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მისი პრიორიტეტია,“ - განაცადა ლოლერმა.

მისივე თქმით, უფლებადამცველებისთვის გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს და მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებასთან თანამშრმლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას. მალე გახდება ცნობილი ევროკავშირის გადაწყვეტილება, ხოლო ქვეყანა თავის პირველ, სრულად პროპორციულ არჩევნებს მომავალ წელს გამართავს. ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება განსაზღვრავს იმას, თუ რა გზას აირჩევს ქვეყანა ამ მოვლენების წინა პერიოდში.

ჩემი ვიზიტის განმავლობაში მოვისმინე შემაშფოთებელი შემთხვევების შესახებ, თუმცა, ეს პრობლემები არ არის შეუქცევადი. ვიზიტისას გამართული მრავალი შეხვედრიდან, იქნებოდა ეს სახელმწიფო სტრუქტურების და მთავრობის წარმომადგენლებთან თუ ადამიანის უფლებათა დამცველებთან, იმედიანად გამოვედი. იგივეს განვიცდი, როდესაც თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებს ვუყურებ. მათი ინტრესის წინ დაყენება და ადამიანების გაძლიერება უფლებების დასაცავად პარალელური პროცესებია. რეპრესიები და მეორე მხარის აუგად მოხსენიება - ეს არის გზა არსაით.

მე კვლავაც გავაგრძელებ საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას და ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე 2025 წლის მარტში, ვითანამშრომლებ მთავრობის წარმომადგენლებთან. მაგრამ, უფლებადამცველებისთვის გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას. ამისთვის მე მოვუწოდებ ყველა შესაბამის აქტორს, ყურადღება გაამახვილონ მოცემული საწყისი რეკომენდაციების შესრულებაზე. მე სიამოვნებით ჩავერთვები ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა მან.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით